ტურიზმი

წელს საქართველოში რეკორდული 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა

snow.ge

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

უწყების ინფორმაციით გასულ წლის ოქტომბერთან შედარებით წელს გაზრდილია როგორც უშუალოდ ტურისტული ნაკადის რაოდენობა, ასევე, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებიც. 

მოცემულ პერიოდში საქართველოს სულ 483,805 ტურისტი და 782,670 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 2019 წლის პირველ 10 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

წელს, ასევე გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც, მაჩვენებელმა 6,6 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,2%-ით მეტია. 

იმავე დროში გაიზარდა უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც. წელს ტურისტული ვიზიტით საქართველოს სულ 4,429 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით მეტია. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა გარკვეულწილად შეამცირა სექტორის ზრდის მაჩვენებლები, თუმცა ბოლო პერიოდის მონაცემების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი დაძლეულია.

კომენტარები