ევროპული საქართველო

კაპანაძე: ქუთაისის უნივერსიტეტის იდეა ივანიშვილისთვის მხოლოდ სატყუარაა არჩევნების წინ

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა. 

კაპანაძის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილისთვის მხოლოდ სატყუარაა არჩევნების წინ. 

"ამით უნდა, რომ ხალხი დაარწმუნოს, რომ 2020-ში რაღაც დიდ პროექტს გახსნის და რაღაც მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს განათლების კუთხით," - ამბობს სერგი კაპანაძე.

დეპუტატის შეფასებით, ივანიშვილმა რომც განახორციელოს იმის ნახევარიც კი, რის პირობასაც დებს, ეს განათლების ბაზარში ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა იქნება. კაპანაძის თქმით, ივანიშვილი არ აპირებს, რომ ეს უნივერსიტეტი კანონიერი სტანდარტებით შექმნას, მათ შორის, კაპანაძის თქმით, ივანიშვილი არ აპირებს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის გავლას

"კონკურენტულ საგანმანათლებლო ბაზარზე ასეთი კონკურენციის მიღმა არსებული სუბიექტი, უბრალოდ, ამახინჯებს ბაზარს,"- ამბობს კაპანაძე.

დეპუტატის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ეს პროექტი გამოიწვევს ის არის, რომ ივანიშვილი შემდეგ მის სახელმწიფოსთვის გადაცემას გეგმავს. კაპანაძე ამბობს, რომ ეს საქართველოს საგანმანათლებლო ბაზრისთვის კარგი არ არის. 

"პირიქით, საგანმანათლებო ბაზარზე ბევრი კერძო უნივერსიტეტის არსებობაა ქვეყნისთვის წინ წასვლა და არა კიდევ ერთი, მორიგი სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა," - ამბობს სერგი კაპანაძე. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის არაშენებული უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისი მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია. საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერთი წლით გადაიდო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის სექტემბერში "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ".

ქართუ ფონდის განცხადებით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს.

კომენტარები