სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კინოთეატრ "ამირანთან" ძალადობრივი ჯგუფების მიერ აქტივისტ ანა სუბელიანისთვის ქვის სროლას ეხმაურება.
"ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან,"- წერს ლომჯარია.
როგორც ომბუდსმენი წერს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო. სახალხო დამცველი სუბელიან გამოჯანმრთელებას უსურვებს.
პროპუტინური, ძალადობრივი ჯგუფები, ლევან ვასაძის, სანდრო ბრეგაძისა და გია კორკოტაშვილის ლიდერობით, კინოთეატრ "ამირანთან" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას აპროტესტებდნენ და ძალადობრივი მეთოდებით მის ჩაშლას ცდილობდნენ, რა დროსაც აქტივისტ ანა სუბელიანს, რომელიც კინოთეატრში ფილმის სანახავად იყო მისული, თვალთან ახლოს ქვა ესროლეს. ის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
მოგვიანებით სუბელიანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მასა და მის მეგობრებს აქციის მონაწილეები "გაჭრილად" აგინებდნენ, ემუქრებოდნენ და პოლიციას ამის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია.
"მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი,"- წერს სუბელიანი.
კინოთეატრებთან კვლავ არიან მობილიზებულები პროპუტინური, ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც პიროტექნიკას ისროდნენ. მათ ფილმის პრემიერის ჩაშლა სურთ. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ეტაპზე მხოლოდ 11 ადამიანი დააკავა.
ძალადობრივი აქცია სხვადასხვა დაჯგუფების მიერ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. განცხადება გააკეთა საქართველოს საპატრიარქომაც, რომ "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზე". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევდა.
ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.
ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.