and then we danced-ის პრემიერა

აკინი: შთაგონებული და შეძრული ვარ მამაცი მაყურებლებით, რომლებსაც ფეხი არ მოუცვლიათ

რეჟისორი ლევან აკინი, რომლის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასაც საქართველოში ძალადობრივი, პროპუტინული ჯგუფების მიერ აქცია და ჩვენების ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, Instagram-ზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. 

როგორც აკინი წერს, ის ძალიან ამაყია იმ ფაქტით, რომ არცერთმა კინოთეატრმა არ გააუქმა დაგეგმილი ჩვენება და ნაცვლად ამისა, ფილმისადმი სოლიდარობა გამოხატა. 

"ქართულმა აუდიტორიამ საბოლოოდ ნახა ეს ფილმი. ეს ბრძოლა დასასრულისგან შორსაა და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ ფილმზე დამსწრები მამაცი მაყურებლით, რომლებსაც ფეხი არ მოუცვლიათ და არ დაშინებულან,"- წერს ლევან აკინი. 

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია. 

თუმცა, კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა. 

ფილმის ჩვენების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. ფილმს განცხადებით საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ამ ფილმის ჩვენება მათთვის მიუღებელი იყო. 

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები 9 და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები