and then we danced-ის პრემიერა

ამირანი: გთხოვთ, 19:30-ის სეანსზე დასასწრებად, უსაფრთხოების მიზნით, 18:00 საათიდან მოხვიდეთ

ანკა გუჯაბიძე

კინოთეატრების ქსელის, კავეას, მარკეტინგის სამსახური გუშინ კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა, რომლის დროსაც ძალადობრივი, პროპუტინული დაჯგუფებების პროტესტის გამო, ფილმის მაყურებლების ნაწილმა დაუბრკოლებლად შენობაში შესვლა ვერ შეძლო. 

მარკეტინგის სამსახურის განცხადებით, მათთვის ძალიან სამწუხაროა, რომ კინოში მისულმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური ტრავმები მიიღო და დღეს დილით ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს კინო ამირანთან. 

"იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ბილეთის მფლობელმა ადამიანებმა კინოთეატრში მოსვლა ვერ მოახერხეს. ყველა მათგანს დღეს ვეპატიჟებით კინოთეატრში და გთხოვთ, დარბაზში კუთვნილი ადგილების უსაფრთხოდ და დროულად დაკავების მიზნით, მათ, ვინც ბილეთები შეიძინა 8-ის ნახევრიან სეანსზე კინოში მოხვიდეთ 6 საათიდან

იმედს გამოვთქვამთ, რომ დღეს და ხვალ დაგეგმილი სეანსები მშვიდ გარემოში ჩაივლის, რისთვისაც ჩვენ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ ორგანოებთან, ისე ეფექტურად და კოორდინირებულად, როგორც გუშინ.,"- წერია კავეას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია. 

თუმცა, კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა. 

ფილმის ჩვენების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. ფილმს განცხადებით საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ამ ფილმის ჩვენება მათთვის მიუღებელი იყო. 

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები 9 და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

კომენტარები