ქართული მარში

სანდრო ბრეგაძის თქმით, მას And Then We Danced ნანახი აქვს

ქართული მარში

ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ მას ქართულ-შვედური ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ნანახი აქვს.

სანდრო ბრეგაძე: მე ამ ფილმს არ განვიხილავ როგორც ფილმს, ეს არ არის ფილმი.

ინგა გრიგოლია: ნანახი გაქვს ეს ფილმი?

სანდრო ბრეგაძე: კი, ნანახი მაქვს. მე ალბათ იმ იშვიათ გამონაკლისში შევდივარ, რომელთაც ეს ფილმი ნანახი აქვთ. გადმომიგზავნეს, სხვათა შორის, შვედეთიდან და კომპიუტერში ვნახე. მთლიანად ვერ გავუძელი ყურებას, იმდენად დაბალი მხატვრული ღირებულების ფილმია.

გუშინ, 4 ოქტომბერს, სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მანვე, ON.GE-ს უთხრა, რომ "ვინც ამ ფილმზე წავა, ან გეია, ან ლატენტური გეი".

ბრეგაძის ცნობით, 8 ნოემბერს, როდესაც ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას "მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ"

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

დღეს, 5 ოქტომბერს, პროპუტინური ძალების ლიდერმა ლევან ვასაძემაც გაავცელა ვიდეო მიმართვა და ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლა დაანონსა.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

კომენტარები