სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მეუფე ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები - სტუდენტი მამაკაცის წერილი

მეუფე ზოსიმე

ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, 1988 წელს დაწერა სემინარიის სტუდენტმა, რომელიც სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

დღეს, 5 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი მამაკაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მღვდელი გიორგი აქვეყნებს დოკუმენტს, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

მას მერე ეპისკოპოს ზოსმეს კათოლიკოს-ოატრიარქმა ილიამ 1996 წელს ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2009 წელს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა.

წერილს, უცვლელად გთავაზობთ:

ახსნა განმარტება ქართველი ერისადმი.

მარგვეთის ეპისკოპოს ქრისტეფორეს

 

(გვ. 1) 1988წლის 30 სექტემბერს ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში. პირველ ოქტომბერს პატრიარქმა მოგვილოცა ახალი სასწავლო წელი და დავიწყეთ სწავლა. ჩვენ რექტორს, ეპისკოპოს ზოსიმეს, თავიდანვე შევატყვე ჩემდამი თბილი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დაგვიბარა მე და თ. ნ. და გამოგვკითხა სამხედროს ამბავი, ვინაიდან არც მე და არც თ.ნ.-ს არ გვქონდა სამხედრო სავალდებულო რიგები გამოვლილი. 

ეპისკოპოსის ჩემდამი ასე თბილი დამოკიდებულება მახარებდა და დიდი სიყვარული ჩავინერგე მისი ჩემს გულში. გავიდა სულ რამოდენიმე დღე და მოვიდა ჩვენს აუდიტორიაში აკადემიის სტუდენტი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი (როგორც მერე გაირკვა, ეს იყო სემინარია გამოვლილი და აკადემიის პირველი კურსის სტუდენტი მიხეილ ბოტკოველი, რომელიც იყო მუდმივი სტიქაროსანი ეპისკოპოსი ზოსიმესი.) და გვიკითხა კ. რ. (ესე იგი მე) და თ. ნ. იგი გასული იყო და ვკითხე, თუ რაში იყო საქმე. ჩვენ განვმარტოვდით ცარიელ ოთახში და დაიწყო ასე: შენ ხარო ჯარში წასასვლელი? ვუპასუხე, დიახ მეთქი და გამიკვირდა, ამან საიდანღა იცის-მეთქი. შემდეგ მეკითხება: მე არ მიცნობ? არა-მეთქი და მეუბნება: მე ვარ მეუფე ზოსიმეს რეფერანტი 4 წელია. რა იმედები გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? მე ვუთხარი, არავითარი-მეთქი. მორჩილება თუ შეგიძლია? ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვცდილობ-თქო. და როცა ვკითხე, გავერკვიე, რაში იყო საქმე, ასე მითხრა: ნუ ჩქარობ, ყველაფერს მერე მიხვდებიო. შემდეგ ნახა თეიმურაზი და იგივე კითხვა დაუსვა, (გვ. 1ა) რა იმედი გაქვსო ჯარიდან დარჩენისო? და როცა თ.ნ.-მ უპასუხა, მე მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვსო, დაიბნა და ესღა უპასუხა: ღმერთის კი, მაგრამ მარტო ღმერთის იმედი ხომ არ გექნებაო. რის შემდეგაც თეიმურაზმა თავი აარიდა. რექტორში თბილ დამოკიდებულებას ვპოულობდი, მაგრამ შინაგანად მაინც მრისხანე მეჩვენებოდა, რაც სტუდენტების მეტანიების გაკეთებით დაადასტურა.

ან 40 მეტანია გააკეთებინა სტუდენტებს კაბინეტში, რამაც ძალიან აღმაშფოთა. ჩემში ვფიქრობდი, აქ სტუდენტი სიყვარულის სასწავლად უნდა მივიდეს და არა მონობისა-მეთქი. ჩემმა აღშფოთებამ მაქსიმუმს მიაღწია, როცა მე და თ. შევესწარით ლექციაზე დაგვიანებულ 3 სტუდენტს, როგორ აკეთებინებდა მეტანიებს. თვითონ კი ცინიკურად იცინოდა და ფეხის მელანქორიული ქნევით ეუბნებოდა, ამის მეტი  ვერაფერი გამოგასწორებთო. სტუდენტთაგან ყველაზე მეტი წლოვანებით გამოირჩეოდა ერთი, რომელიც დაახლოებით 35-36 წლის იქნებოდა. თ.ნ.-მაც დაგვიანებით გამოუარა დაჩოქილ სტუდენტებს, რომლებიც მეტანიებს აკეთებდნენ და მას რექტორმა არაფერი უთხრა. და კიდევ უფრო ადრე, ლექციების შემდეგ დაგვიბარა რექტორმა მე და თ.ნ.-ს და გვითხრა: ხვალ კვირაა და სვეტიცხოველში მოდით წირვაზეო სტიქაროსნებადო. თქვენს მეტი არ მინდა არავინო. მეორე დილით 8 საათზე ვიყავი სვეტიცხოველში. სანამ ეპისკოპოსი ზოსიმე ჩამოვიდოდა, ჩვენ, მე და თ.ნ.-ს დაგვირიგეს სტიქრები და ველოდებოდით ზოსიმეს. მისი მძღოლი კი, რომელიც დიაკვანი იყო, ეცვა დიაკვნის სამოსელი და საკურთხეველში მასხრად იგდებდა მღვდლებს. ზოგიერთს, ვითომცდა ხუმრობით, ხელითაც ეხებოდა. ჩამოვიდა ეპისკოპოსი ზოსიმე და მღვდლები შეხვდნენ მას, როგორც წესია. წირვის დროს, როცა ზოსიმე იდგა წმინდა ტრაპეზთან, დიაკვანი (გვ. 2) იგივე ხულიგნობას ჩადიოდა მღვდლების მიმართ და ეპისკოპოსის წინ. მე მიკვირდა ეპისკოპოსის, რომელიც სტუდენტებთან ასე მრისხანე იყო და აქ კი, საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზთან, ასეთი მიმტევებელი, რომ შენიშვნაც კი არ მიუცია. დიაკვანი კი განაგრძობდა მაიმუნურ მანჭვას, თვით ეპისკოპოსსაც კი ,,ეჯღანებოდა”, რითაც დანარჩენ სტიქაროსნებს აიძულებდა, ეცინათ. წირვის შემდეგ გვაჩუქა მიხეილის ხელით ათ-ათი მანეთი, რაზეც ცივი უარით ვუპასუხეთ. მიხეილმა ასე გვითხრა, ,,თუ ამას არ გამომართმევთ, საქმე გაგიფუჭდებაო.

ჩვენ გამოვართვით და შემდეგ შევედით ზოსიმესთან და გვაჩუქა ორი ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატი. ამის შემდეგ წამოვედით თბილისში. თ.ნ. კი გაანთავისუფლა ორი დღით. მე მომივიდა სემინარიაში ზესტაფონის კომისარიატიდან ცნობა იმის შესახებ, რომ ჩავსულიყავი კომისარიატში კომისიაზე გასასვლელად. ეს ცნობა შევიტანე რექტორთან და ვუთხარი ჩემი მდგომარეობა და ვთხოვე, შეძლებისდაგვარად დამხმარებოდა. ჩემი შესვლის დროს ტელეფონით ელაპარაკებოდა ვიღაც უცნობ ოთარის. როცა მოისმინა ჩემი თხოვნა, მითხრა, ერთი წუთით გარეთ დამელოდეო. მე როცა კარებთან ვიდექი, შემომესმა ხმა, რომელიც ისევ იმ უცხო ოთარის ესაუბრებოდა. აი, რაც გავიგონე: „ბატონო ოთარი, ერთია და თუ შესაძლებელი იქნება, თუნდაც მაისამდე’’. ამის შემდეგ დამიძახა, ხელი ხელზე მომკიდა და მითხრა: ,,შვილო, ხომ იცი, სულ დატოვება არავის შეუძლია. შეიძლება რაღაც გამოვიდეს მაისამდე’’.  მე გახარებული წამოვედი. მიხაროდა ასეთი მფარველისა და გულშემატკივრის გამოჩენა და მთელი სიყვარულით განვიმსწვალე მის მიმართ, რაც მისმა პირადმა მდივანმა (გვ. 2ა) დამიდასტურა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ ნურაფრის ნუ გეშინიაო (რადგან პირადი მდივანის ზოსიმესთან საუბრის დროს იყო საუბარი ჩემს საკითხზე ტელეფონით და მდივანიც უსმენდა). გავიდა ცოტა ხანი და მიბარებს რექტორი. შევედი, ავიღე ლოცვა-კურთხევა და მკითხა ჩემი სამხედროს ამბავი.  მე ვესაუბრე. შემდეგ კი წამოდგა ფეხზე და დამიდგა წინ. მე ასეთი ახლო დადგომა ეპისკოპოსის და ისიც რექტორის, გამიკვირდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოძღვრისა და მოსწავლის ახლო დამოკიდებულებას მივაწერე.  და როცა შუბლზე მაკოცა, დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მექნა. მე მის მიმართ ასეთი სიყვარულით ვიყავი დამოკიდებული და ამ კოცნამ შინაგანად დამხორკლა და ერთიანად გამიყინა ძარღვებში სისხლი. შემდეგ ხელი მომისვა სახეზე და მითხრა, წადიო. მეც გაოგნებული გამოვედი იმიტომ, რომ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, რა მელოდა. რაღაც შინაგანი გრძნობა მქონდა, მაგრამ  ამაზე ფიქრიც კი მეშინოდა. შემდეგ რამოდენიმეჯერ განმეორდა ასე ხელებით მოფერება, კოცნა შუბლზე, თავზე. ერთხელ როცა სვეტიცხოველში წირვა დამთავრდა, დაითხოვა ეპისკოპოსმა ზოსიმემ ყველა სტიქაროსნები ჩემ გარდა. მე ვიჯექი და შინაგანად რაღაცას ველოდი, ვიჯექი და გაოგნებული ტელევიზორს ვუყურებდი. ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: „შენც მარგალიტი ხარ’’. შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი მოგეფეროო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში, სადაც მოჰყვა „ბოზი ქალივით“ ხვევნა-კოცნას, სადაც შუქი ჩააქრო და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: „რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, (გვ.3) გიშრის თმა გაქვს’’ და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა. შემდეგ, წამოვედი და მთელი ღამეები არ მეძინა.

დავიწყე სიგარეტის მოწევა, სმა, უშვერი სიტყვების ძახილი, მოვეშვი ლოცვას, თავი დავანებე კითხვას… მე და თ.ნ. ერთად ვცხოვრობდით და შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი ასეთი მოქმედება. ერთხელ, როცა კითხულობდა სახარებას, მე ვეღარ შევძელი და გამოვუტყდი თ-ზს ყველაფერში. გამოვუტყდი იმაში, რაც ჩემსა და ეპისკოპოსს შორის მოხდა. თ. შეაძრწუნა ამ ამბავმა და მირჩია, დავნებებოდი, წამოვსულიყავი სტიქაროსნობიდან. მეც ყოველ დღე ვცდილობდი, თავი დამეღწია ზოსიმესთან შეხვედრისათვის. ერთხელ, შევედი კაბინეტში ჩემი სამხედროს ამბავის გასაგებად და მეკითხება: ,,ლექციების შემდეგ რას აკეთებო?’’. მე ვუპასუხე, არაფერს, სახლში ვარ და ვკითხულობ- მეთქი. დღეს თუ შეგიძლია, საღამოს ჩემთან, მცხეთაში ჩამოდიო (თან ამ დროს ჩემი ხელი უკავია ხელში და ეფერება). მეც უცებ მოვიმიზეზე, დეიდაჩემთან უნდა გავიდე აფთიაქში-მეთქი და არ მცალია-თქო. და რა ვიცი, კიდევ რამდენ რამეს ვიგონებდი, ოღონდ თავი დამეღწია გარეწარისაგან. ხან ჩემი ძმა არის ავად და გამიშვი-მეთქი, ხან დედაჩემი ჩამოვიდა-მეთქი, და ვინ მოთვლის, რას არ ვეუბნებოდი და ვატყუებდი. ერთხელ, როცა ვთხოვე, სახლში გავეშვი (თავის დაღწევის მიზნით), გამანთავისუფლა; (გვ.3ა) ორი დღე ვთხოვე და ორიც მე დავამატე. როცა ჩამოვედი, გაბრაზებული დამხვდა. დამიბარა და მეუბნება, „ამდენი ხანი სად იყავიო’’.  მეც ვუთხარი, სადაც ვიყავი და მაშინ მითხრა, ,,შვილო, ძველებს უთქვამთ, თუ რამეს ჯიბეში არ იგულებ, მანმადე არ იფიქრო, რომ ის შენია”. მე მივხვდი, რა ჯიბეზეც და რა რამეზეც იყო აქ საუბარი. სულ რამოდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და მეუბნება: შენ წაყევი მიხეილს ბენზინზე, დაგტოვებს და მანქანა წამოიყვანეო .(ჩემი მართვის მოწმობის არსებობა ჯერ კიდევ მაშინ იცოდა, როცა მაისამდე დატოვება შემომთავაზა). მეც გავყევი მიხეილს. მიხეილმა რიგში ჩააყენა მანქანა და წავიდა. მე იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი მანქანასთან დაახლოებით ჩემი უფრო დაახლოება უნდოდა. ზოსიმემ შეადგინა თხოვნა პატრიარქის სახელზე, რათა აღეძრა რესპუბლიკის კომისარიატში შუამდგომლობა და მითხრა, ,,აი, ასე გადაწერე, შვილო, ლამაზად და სუფთად”. მეც დავწერე და მითხრა, ,,ადექი და ეს თხოვნა შენ შეუტანეო, შემოგხედავს, დაგაკვირდებაო’’. მერე გადაიფიქრა,  უმჯობესია, მე შევუტანო. დამითხოვა ისევ ალერსითა და ამბორით. როცა ეს თხოვნა შეუტანა რექტორმა პატრიარქს, მითხრა, ლექციების შემდეგ (შეტანიდან რამოდენიმე დღის შემდეგ) შედი პატრიარქთან და პასუხი გაიგეო და მე აქ დაგელოდებიო.

აუცილებლად ამოდი კაბინეტში და პასუხი გამაგებინეო. ჩემი პატრიარქთან ლოდინიდ დროს (საკმაოდ დიდი დრო გავიდა) ეპისკოპოსი ზოსიმე წავიდა მცხეთაში. ამასობაში ჩამოვიდა (გვ.4) პატრიარქის რეფერანტი შორენა (გვარი არ ვიცი) და მითხრა, რომ მიმემართა ამ საკითხზე მამა იოაკიმესათვის. არ ვიცოდი მამა იოაკიმეს მისამართი (არც საპატრიარქოში იცოდნენ ზუსტი მისამართი) და ჩავედი მცხეთაში, ზოსიმესთან, მისამართის გასაგებად. მივედი თუ არა სვეტიცხოველში, მაშინვე აღგზნებული პირუტყვივით მითხრა, აქეთ შემოდიო და კაბინეტში შევედით. შინაგანად რაღაცას ვგრძნობდი, რაც უნდა მომხდარიყო. ერთი გაფიქრება ისიც ვიფიქრე, თუ კიდევ ისეთი რამ გაიმეორა-მეთქი, აუცილებლად რაღაცას დავასახიჩრებდი. ამის საშუალება მქონდა გარშემო დაწყობილი შანდლებს რომ შევხედე, მაგრამ მაშინვე ისიც ვიფიქრე, ამ ბილწს მარტო ეკლესიისადმი მორჩილებით არ იქნებოდა და აუცილებლად დამიჭერდა. მე დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა. დამიწყო ხვევნა-კოცნა (ეპისკოპოსი კაბით იყო)…სურნელოვან ნელსაცხებელში შემზადებული თმები გაიშალა და გადმომაფარა სახეზე… ეს უკვე მეტისმეტი იყო. და წამოვაგდე ფეხზე. მხოლოდ მაშინ მოეგო გონზე ავადმყოფი და ცდილობდა, მღელვარებისაგან არეული სახე დამშვიდებოდა. წამოვედი გაბრაზებული და ვფიქრობდი, ამნაირი არც ჯარიდან დატოვება მინდა და არც სწავლა-მეთქ. რა ვიცოდი, თუ აქ ასეთი სიბინძურე სუფევდა. (გვ4ა) ავიცრუე გული სწავლაზე და მცხეთიდან სულ ლანძღვა-გინებით ჩამოვედი თბილისში. სასწრაფოდ ვუთხარი ყველაფერი ჩემს ზესტაფონელ მეგობრებს. იმ დონემდე ვიყავი მისული, — რომ მეგობრები არ ყოფილიყვნენ ჩემს გვერდში, ჭეშმარიტებისადმი, უფლისადმი რწმენასაც დავკარგავდი, საერთოდ განვიხრწნებოდი. მე პირველი ვარ, რომელმაც ვამხილე მამათმავალი „ეპისკოპოსი“ და ჩემამდე რამდენ სტუდენტს გახრწნიდა და გარყვნიდა? ეს ყოვლად დაუშვებელია, მე რომ პირველი ვყოფილიყავი მაგასთან. ან, მე რომ არა, რამდენს გახრწნიდა თავისი კეთილი გულით და ფულების დარიგებით. რამდენს დაუბრმავებდა თვალს. ყოველივე ამის შემდეგ ვაცდენდი წირვას, აღარ ვესწრებოდი არავითარ საეკლესიო დღესასწაულს. და ვაცდენდი აგრეთვე ლექციებსაც. ეს ამბავი გამხილდა თუ არა, მაშინვე კომისარიატმა გამომიძახა…

(ხელმოწერა)

მიტროპოლიტი ზოსიმე

კომენტარები