ბრექსითი

The Times: ჯონსონი ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლას გამორიცხავს

ბორის ჯონსონი
REUTERS

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული პარტია თავის საარჩევნო მანიფესტში გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის საფრთხეს გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Times ავრცელებს.

ამის ნაცვლად, პრემიერმინისტრი ევროკავშირთან მიღწეულ ბრექსთის შეთანხმებაზე ფოკუსირდება. 

გაზეთი წყაროს არ ასახელებს. კონსერვატიულ პარტიაში ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაცით, ჯონსონი თავის კამპანიაში ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლაზე საუბარს არ აპირებდა. 

კულტურის მინისტრმა ნიკი მორგანმა თქვა, რომ ვადამდელ არჩევნებზე კონსერვატიული პარტიისთვის ხმის მიცემა ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლის წინააღმდეგ ხმის მიცემა იქნებოდა - "თუ კონსერვატიულ პარტიას აძლევთ ხმას, მაშინ თქვენ ამ შეთანხმებებით გასვლას მხარს დაუჭერთ და შეთანხმების გარეშე გასვლის საკითხი აღარ დადგება".

"ჩვენ მივაღწიეთ ბრწყინვალე შეთანხმებას, არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდით," - თქვა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში როგორც კი დაბრუნდებოდნენ ამ შეთანხმებას გააფორმებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ბორის ჯონსონს იმედი აქვს, რომ კონსერვატიული პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსითის გეგმის დასამტკიცებლად ოპონენტების მხარდაჭერა აღარ დასჭირდეს.

1923 წლის შემდეგ ეს ბრიტანეთში დეკემბერში არჩევნების ჩატარების პირველი შემთხვევა იქნება. 

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ოფიციალურად მიიღო ევროკავშირისაგან ბრექსითის ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევის შეთავაზება. ევროკავშირისადმი მიწერილ წერილში ჯონსონი წერს, რომ 3-თვიანი გადავადება, რომელიც მას პარლამენტმა აიძულა, არასასურველი იყო.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ჯონსონი დაიმუქრა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა.

კომენტარები