ლიბანი

მედია: ჰარირის გადადგომის შემდეგ აშშ-მა ლიბანს $105 მილიონის დახმარება შეუჩერა

Reuters

მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრემიერმინისტრ საად ჰარირის გადადგომის შემდეგ აშშ-მა ლიბანს 105 მილიონი აშშ დოლარის დახმარება შეუჩერა.

ანონიმური წყაროებს მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს მიმართა, რომ თეთრმა სახლმა და ეროვნული უშიშროების საბჭომ გადაწყვიტეს ლიბანს სამხედრო დახმარება დროებით შეუჩერონ. მათი თქმით სახელმწიფო დეპარტამენტს კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

სახელმწიფო დეპარტამენტში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

ადმინისტრაცია ლიბანისათვის დახმარების პროექტზე მაისიდან მუშაობს. ისინი ამბობდნენ, რომ აშშ-ის დახმარება ლიბანს საზღვრების დასაცავად ესაჭიროებოდა, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობა და იარაღი.

მიუხედავად ამისა, ოფიციალური ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამდა ლიბანის მთავრობაში ჰეზბოლას გაზრდილი გავლენის გამო. შიიტურ დაჯგუფებას მხარს ირანი უჭერს და აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი.

ჰარირის გადადგომის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ლიბანის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა შექმნან ახალი მთავრობა, რომელიც ხალხის მოთხოვნებს შეასრულებს და კორუფციას დაასრულებს.

გადადგომამდე ჰარირის მთავრობა საერთაშორისო დონორებისაგან დახმარებას თვეების განმავლობაში ითხოვდა. ჰარირიმ დონორები ვერ დაარწმუნა, რომ 11 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რომელსაც პარიზის კონფერენციაზე დაჰპირდნენ, მათთვის გადაეცათ.

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ 29 ოქტომბერს სატელევიზიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტ მიშელ აუნს მისი მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა.

ჰარირიმ თქვა, რომ მისი მთავრობა ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში საპროტესტო აქციები მეორე კვირაა გრძელდება. ზოგიერთ ქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეებმა ქუჩების გადასაკეტად ბარიკადები ააგეს. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში და ქვეყნის ფინანსური რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. დახურულია სკოლები, ბანკები და ბიზნესების ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სასწრაფო რეფორმები დაანონსა, პროტესტი არ შემწყდარა. რეფორმების პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, მინისტრების ანაზღაურებას გაანახევრებდა. განახევრდებოდა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტარების ხელფასებიც. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეღავათები და პრივილეგიები შეუმცირდებოდათ.

მთავრობა გეგმავდა სატალეკომუნიკაციო სექტორის პრივატიზებას და ენერგეტიკის სექტორის რეფორმებს.

მომიტინგეები თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინაარმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა. მათი ნაწილი ჰარირის მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

კომენტარები