სინოდის სხდომა

მეუფე ნიკოლოზი: იძულებული გავხდით, [მეუფე პეტრე] ხელით გაგვეყვანა სინოდის სხდომიდან

ახალქალაქის და კუმუდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, მეუფე პეტრე ცაავა იძულებით გაიყვანეს სინოდის სხდომიდან, ვინაიდან ის "უხამსად იქცეოდა".

მისივე თქმით, "მეუფე პეტრემ არაერთხელ მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა წლების განმავლობაში. ეს იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა - გააგარძელა კიდევ და დღესაც ასე მოიქცა".  

"ჩვენ გვინდოდა, მძიმე გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმიდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა და მე პირდაპირ ვამბობ, ეს იყო უხამსობა, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდა და გაგვეყვანა. 

უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. არ დავაზუსტებ, იმიტომ რომ სინოდის სხდომაზე მომხდარი ამბებია რომელიც ყოველთვის შიგნით უნდა დარჩეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოიქცა ისეთნაირად, რომ.. მთელი სინოდი ვუხსნიდით, რომ შეურაცხყოფის მიყენება არ არის მხილების ფორმა. შეურაცხყოფის მიყენება ადამიანისთვის, მით უმეტეს სასულიერო პირისთვის, მით უმეტეს პატრიარქისთვის, ეს არ არის არც მხილების ფორმა და არც არანაირად გამართლებული საქციელი. ჩვენ ვცდილობდით, ეს აგვეხსნა. 

მხილება ცილისწამებისგან განსხვავდება იმით, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე იქნება დასკვნა გაკეთებული. ცილისწამებისას ჯერ ამბობ რაღაცებს და მერე ჰპირდები საზოგადოებას, რომ წარმოადგენ არგუმენტებს. ეს არ არის ღირსეული საქციელი",- თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მისივე თქმით, მეუფე პეტრე ცაავა ეკლესიიდან მთლიანად არ მოკვეთილა, თუმცა, განყენებულია მსახურებიდან, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე წალკის მიტროპოლიტი იყო.  

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტული ცოდვის მხილებაა".

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ "უნდა შეიქმნას საეკლესიო სასამართლო და ყველა იერარქის საკითხი აქ გადაწყდეს". 

ის სინოდის წევრებთან დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამო იყო დაპირისპირებული. დეკანოზი მამალაძე პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მის უდანაშაულობაზე საუბრობს. იმავეს ამტკიცებს მეუფე პეტრე ცაავაც

კომენტარები