სინოდის სხდომა

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდმა სამძიმრის წერილები დაწერა და ყოფით საკითხებზე ისაუბრა

რუსთავი2

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მხოლოდ 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიასთან აღნიშნა, რომ სინოდმა სამძიმრის წერილები დაწერა და ყოფით საკითხებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მხოლოდ სამი საკითხი განიხილეს: 

"რა იყო საკითხები ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მდივანი ჰყავდა სინოდს, რომელიც წერს ახლა, დაამთავრებს ძალიან მალე. მოკლე სხდომა იყო, სულ რაღაც სამი საკითხი იყო. ძალიან მშვიდობიანად ჩაიარია სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის. ამჯერად, არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, რაც პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობიდან 45 წლის იუბილე. ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი რაც იყო, სამძიმრის წერილს გავუგზავნით თურქეთის სახელმწიფოს, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია, ამაზეც ვისაუბრეთ. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო".- თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

მისივე თქმით, პატრიარქის ტახტის გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა. 

"მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. ჩვენ ამასობაში ვიყავით ერთად, ვისაუბრეთ, დიდი ხნის უნახავები შევხვდით ერთმანეთს და ძალიან კარგი იყო ერად რომ ვიყავით.  არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცა არასწორად ვიტყვი მერე მომკითხეთ - პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ... სანამ პატრიარქი პატრიარქია თვითონ ჩაატარებს ყოველთვის ამ სხდომას და იმიტომ ვიცდიდით ამდენ ხანს. არაფერი თქმულა ეპარქიებზე".- აღნიშნა მან.

კომენტარები