სინოდის სხდომა

"ყველა იმ საკითხზე იქნება მსჯელობა, რომელიც გაჟღერდა" - საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება

ტაბულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება.

ტერიტორიაზე უკვე მივიდნენ სასულიერო პირები. ცნობილია, რომ საპატრიარქოში იმყოფება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობიც.

სხდომაზე შესვლამდე მედიის კითხვებს უპასუხა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა.

ის ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ბოლო დღეებში მედიაში გაჟღერდა და სინოდი სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ შეიკრიბა.

ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, მეუფე საბა პასუხობს, რომ წინასწარ ვერ იტყვის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ დღეს ამ საკიტხსაც განიხილავენ.

ასევე, უცნობია სინოდის წევრები დღევანდელ სხდომაზე ისაუბრებენ თუ არა უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მეუფე საბა ამბობს, რომ უკრაინის ავტოკე​​ფალიას მხარს უჭერს.

წმინდა სინოდის სხდომა დღეს, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული. მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, "წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებით საკითხის განხილვა".

სხდომას დაესწრება პატრიარქი ილია მეორეც.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. 

გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

31 ოქტომბერს სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მამა მიქაელ ბოტკოველმა მედიასთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

კომენტარები