ლიბანი

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა

საად ჰარირი
Reuters

ლიბანის პრემიერმინისტრმა საად ჰარირიმ სატელევიზიო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო პრეზიდენტ მიშელ აუნს მისი მთავრობის გადადგომის თხოვნით მიმართა.

ჰარირიმ თქვა, რომ მისი მთავრობა ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში საპროტესტო აქციები მეორე კვირაა გრძელდება. ზოგიერთ ქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მომიტინგეებმა ქუჩების გადასაკეტად ბარიკადები ააგეს. ისინი ხელისუფლებას კორუფციაში და ქვეყნის ფინანსური რესურსების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. დახურულია სკოლები, ბანკები და ბიზნესების ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ სასწრაფო რეფორმები დაანონსა, პროტესტი არ შემწყდარა. რეფორმების პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, მინისტრების ანაზღაურებას გაანახევრებდა. განახევრდებოდა მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების და პარლამენტარების ხელფასებიც. სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს შეღავათები და პრივილეგიები შეუმცირდებოდათ.

მთავრობა გეგმავდა სატალეკომუნიკაციო სექტორის პრივატიზებას და ენერგეტიკის სექტორის რეფორმებს.

მომიტინგეები თავდაპირველად ქუჩაში WhatsApp-სა და სხვა მესენჯერებზე ყოველთვიური გადასახადის დაწესების თაობაზე მთავრობის ინიციატივის გამო გამოვიდნენ, თუმცა შემდეგ პროტესტი პოლიტიკური მდგომარეობის და კორუფციის წინაარმდეგ გამოსვლებში გადაიზარდა. მათი ნაწილი ჰარირის მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

კომენტარები