კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შტატის ჩრდილოეთით 180,000-მდე ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს. ხანძარი ათობით ათას შენობას ემუქრება.
კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესს ბევერლი ჰილზის მხრიდან მიუახლოვდა. ევაკუირებულთა შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.
არნოლდ შვარცენეგერმა twitter-ზე დაწერა რომ მას სახლის დატოვება ღამის 3 საათზე მოუწია. მან მაშველ-მეხანძრეებს მადლობა გადაუხადა.
ლებრონ ჯეიმსი კი წერს, რომ ევაკუაციის შემდეგ ოჯახთან ერთად თავშესაფარს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა.
ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოქლში მდებარე ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანდა. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის იყო თუ არა ეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
სონომას ოლქში ცეცხლი 12,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ლოკალიზებულია ხანძრის 10%, თუმცა ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.
ხანძარია მექსიკაშიც, კალიფორნიის შტატის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა 150 შენობა.
კალიფორნიის შტატში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა უკვე მილიონამდე ადამიანს შეეხო. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგია კიდევ მილიონამდე ადამიანს შეუწყდება.
ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის PG&E-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანოს და ხანძრის ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებას ზღუდავენ.