საქართველო-რუსეთი

ზალკალიანი: ლავროვთან შეხვედრა დროული, საჭირო და აქტუალური იყო

დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა სამინისტრო

დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა დროული, საჭირო და აქტუალური იყო. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს პარლამენტში თქვა, სადაც მას დეპუტატები კითვებს უსმავენ.  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. 

ზალკალიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მცოცავ ოკუპაციასა და სხვა ფაქტებზე საქართველოს ყველა პარტნიორს ესაუბრა და მათ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო. 

"მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია. არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი, ორგანიზაცია და ყველა ის ძირითადი აქტორი, რომელიც არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში, რომ მკაფიო შეფასება არ მიეცა იმ უკანონო ბორდერიზაციის პროცესისთვის, რომელიც მიმდინარეობდა ბოლო თვეების განმავლობაში. 

გარდა იმისა, რომ დავიწყეთ ადგილზე დიპლომატიური კორპუსის მობილიზაცია და ჩაყვანა და ინფორმაციის გაცნობა, რასაც შემდგომ მოჰყვა შესაბამისი ინსტრუქციები საქართველოს ყველა საელჩოს მიმართ, რომ ამ საკითხის აქტუალიზაცია მოეხდინათ შესაბამის დედაქალაქებში, მქონდა სატელეფონო საუბრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან, გაეროს გენერალურ მდივან გუტიერესთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ მომხდარიყო სრული მობილიზაცია და კონსოლიდაცია, რათა მომხდარიყო დამგმობი განცხადებების გაკეთება და რაც გაკეთდა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად, მკაფიოდ დავინახეთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და ვერ ხერხდებოდა ამ პროცესის პრევენცია და შეჩერება", - თქვა ზალკალიანმა. 

მინისტრის თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყველა ფორმატში ამ საკითხებზე ისაუბრა, რის გამოც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს, ზალკალიანს შესთავაზა, იმავე პრობლემების შესახებ პირდაპირ ესაუბრა სერგეი ლავროვთან. 

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა. 

"ჩემი პირველი დღიდან, როგორც კი ჩავედი ნიუ იორკში, ყველა ორმხრივი შეხვედრა ამ თემის გარშემო საუბრისთვის გამოვიყენე. მქონდა შეხვედრა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციაში, მას თქვა: რატომ არ გამოვიყენოთ ასეთი შესაძლებლობა. ვიმყოფებით გაეროში, სადაც ყველა ყველას ელაპარაკება და თუნდაც არ იყოს დიპლომატიური ურთიერთობებზი ქვეყნებს შორის, მაინც არის საუბარი მინისტრების დონეზე, პრემიერმინისტრების დონეზე. იყო ყარაბახის და სერბეთის მაგალითები დასახელებული. 

მან მითხრა, რატომ არ გამოვიყენოთ შესაძლებლობა, რომ ის თემები, რაზეც თქვენ აყენებთ ჩვენთან ურთიერთობის ფორმატებში, იყოს პირდაპირ ნათქვამი და გაჟღერებული რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს", - თქვა ზალკალიანმა. 

მისივე თქმით, საუბარი არ არის ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე. 

ზალკალიანის და ლავროვის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ამის გამო ქართული საგარეო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა. 

მინისტრმა თქვა, რომ ამ აზრს არ ეთანხმება, ვინაიდან ლავროვთან შეხვედრა ასამბლეის მე-6 დღეს შედგა და მთელი ამ დროის განმავლობაში მას მედიასთან კომუნიკაცია ჰქონდა. 

"მე ქართულ ტელევიზიებს ვუთხარი, რომ კი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რატომაც არა, გამოვიყენოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება და მივდივართ ამ შეხვედრაზე. მე როგორც ვიცი, ეს იყო გაჟღერებული ჩემს შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

კომენტარები