თამთა თოდაძის საქმე

კუბლაშვილის თქმით, ფრაზაში "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ" თოდაძეს არ გულისხმობდა

ტაბულა

დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, "პრაიმტაიმისთვის"მიცემულ ინტერვიუს facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ფრაზა "მაგას დავამთავრებ და დავასამარებ", თათია თოდაძის მიმართ არ უთქვამს. 

კუბლაშვილი წერს, რომ ამ ფრაზაში ის ადამიანები იგულისხმა, რომლებიც მისი მტკიცებით, უსამართლოდ აკრიტიკებდნენ.

"ბოლოს გავრცელებულ ჩემს კომენტარს რაც შეეხება, რომ მე - ,,მაგას დავამთავრებ და დავასამარებ", სახელი არც მიხსენებია, აქ ვსაუბრობდი მრავლობით ფორმაში და ვგულისხმობდი ყველა ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ მაკრიტიკებენ და უკიდურეს შეურაცხყოფას მაყენებენ. მომისმინეთ მე და მერწმუნეთ, ვარ დარწმუნებული რასაც ვაკეთებ, მჯერა და მწამს ჩემი სიმართლის, ჩემი კლიენტის სიმართლის და ნუ დამსჯით, მომიტევეთ, მე ხან ემოციური, ხან ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნუ ჩქარობთ, დამელოდეეთ!"- წერს ადვოკატი. 

​კუბლაშვილმა "პრაიმტამისთვის" მიცემულ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ თოდაძემ ჯიშკარიანს წარსული და ღირსება გაუნადგურა.

"ქალი ნაცემი არ არის, ხელებზე აქვს ნაჩხაპნები, ვერ გაურკვევია სად მიიღო ეს ნაჩხაპნები. ამ ქალის მანიპულაციის გამო, ამ კაცის წარსული და ღირსება გაანადგურა. ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. კაცია და ვერ იჭორავებს. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს"- ამბობს კუბლაშვილი ინტერვიუში. 

.............

14 ოქტომბერს მარიამ კუბლაშვილმა სატელევიზიო დებატებში გამოიწვია თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. კუბლაშვილმა მთავარ არხსა და ერთერთ წამყვან ნიკა გვარამაის ეთერის დათმობა საჯაროდ სთხოვა. ადვოკატი გვარამიასგან ასევე ითხოვს, რომ მას მიეცეს საშუალება, "ამომწურავი კითხვები" დაუსვას თამთა თოდაძეს, რომელიც პროკურატურამ ამ საქმეში დაზარალებულად ცნო. 

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა კვირას, 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს. 

ამასთან, უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლითაც ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დასტურდება. უფლებადამცველები პროკურატურისგან შესაბამის ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

კომენტარები