მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ივანიშვილმა მითხრა, ანაკლიას შევეშვათ, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო

ტაბულა

მოძრაობის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. მან თქვა, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მან უთხრა, რომ პროეტქს უნდა შეშვებოდნენ:

"მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ "იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?" მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე... რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ "იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო...ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო."

მანამდე ხაზარაძემ მოყვა რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ კონსორციუმს ინვესტორებისა და კაპიტალის შევსების შესახებ სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა დღეს ეწურება.

14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს ლიდერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტისთვის საჭირო თანხები კონსორციუმმა უკვე მოიძია. 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ახლანდელმა თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმაც. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარუდგინა სახელმწიფოს ორი პოტენციური ინვესტორი და ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა. 

საუბარია, ამერიკული კონტი ჯგუფის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე კერძოდ ყაზახურ, Meridian Capital Limited-ზე და ჰოლანდიურ Van Oord-ზე. ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ ფონდზე, რომელიც მზადაა პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა კომპანიის სახელწოდება ამ დრომდე არ არის ცნობილი.

კომენტარები