ევროპული საქართველო

ბოკერია საბანკო რეგულაციებზე: ერთი წელია, მიხვდით, რომ სისულელე გააკეთეთ, როდის შეცვლით?

გიგა ბოკერია
პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, პარლამენტის სხდომაზე არასახარბიელო გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა, რაშიც სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია და ამის პასუხად აშშ-ის სანქციები იგულისხმა, და თქვა, რომ ჩვენს მეზობლებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ამგვარი ვითარება, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახოს.

ბოკერიამ ქართული ოცნების უმრავლესობას შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. 

"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩვენი უღირსეულესი წარმომადგენლები რომ მოვლენ, მაშინაც ვისარგებლებ. მერე რომ არ იყოს ლაპარაკი, რომ ეს ჩვენი ბრალი არ არის, რომ ვითარება გართულდა, მსოფლიოში ათასი რამე ხდებაო, ახლავე მოგიწოდებთ, რომ ეგ ამბავი იყოს გათვალისწინებული იმიტომ, რომ მთავრობა ქვეყანას იმიტომ ჰყავს, რომ მსოფლიოში ან მის გარშემო რომ რთულდება ვითარება, ამისთვის იყოს მზად და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას,"- თქვა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ეკონომიკაში ვითარება ისედაც უმძიმესია, როგორც ეკონომიკური ზრდის შენელების, უმუშევრობის ზრდის, უკიდურესი სიღარიბის ზრდისა და ა.შ. თვალსაზრისით. 

"თქვენც კი აღიარეთ, რომ ის მავნებლური და ბრიყვული საბანკო რეგულაციები, რომელიც შემოიღეთ, ურტყამს ყველას. ხო თქვით თან ეს? ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მიხვდით, რომ სისულელე ქენით. ახლა რამდენი წელი უნდა დაგჭირდეთ, ერთი წელი დაგრჩათ სულ ხელისუფლებაში, რომ ეს დროზე შეცვალოთ? 

იგივე შეეხება ე.წ საპენსიო რეფორმასაც, რომელიც რეალურად იყო გადასახადების ზრდა და კიდევ ერთხელ უმუშევრობის წახალისება. მანდაც დროზე მიხვდით," - თქვა გიგა ბოკერიამ. 

კომენტარები