მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დადგენილების პროექტს ენმ ბიუროს წარუდგენს

reginfo,ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ, დადგენილების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

როგორც დადგენილების პროექტში წერია, "კომისიამ უნდა შეისწავლოს 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი, კერძოდ, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე, ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს“.

ენმ-ის ამ ინიციატივას მხარს უჭერს ევროპული საქართელო, უმრავლესობაში კი, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

კომისიის შექმნას დიდი ხანია ითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებიც. 

დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის, ანუ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

კომენტარები