მარტინ სკორსეზე

მარტინ სკორსეზე: THE IRISHMAN ჰოლივუდის კინოსტუდიებმა არ დააფინანსეს

Variety.com

ლეგენდარულმა რეჟისორმა, მარტინ სკორსეზემ, BBC-სთან თავის ახალ ფილმზე, The Irishman-ზე ისაუბრა. მისი თქმით, ფილმი ნეტფლიქსმა იმიტომ გადაიღო, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიებმა მის დაფინანსებაზე უარი თქვეს.

"ფილმი ძალაუფლებაზე, სიყვარულსა და ღალატზეა. ასევე იმაზე, რა ფასს იხდი საკუთარი ცხოვრების მართვაში. ბოლოს, როდესაც ფილმზე რობერტ დე ნიროსთან ერთად ვიმუშავე, 1995 წელი და Casino იყო. ახლა, ვუყურებდით ერთმანეთს და მივხვდით რომ დრო გადის. არავინ აღარ არის დაინტერესებული გააკეთოს ფილმი ჩემთან და რობერტ დე ნიროსთან ერთად", - თქვა მარტინ სკორსეზემ.

რამდენიმე დღის წინ, რეჟისორმა თქვა რომ მარველის მიერ გადაღებული კინოები ნამდვილი კინო არ არის. ამ ნათქვამს დიდი გამოხმაურება მოყვა მსახიობებსა და სოციალურ ქსელებში.

"არავის უნდოდა ამ ფილმის [The Irishman] გაკეთება და ჩვენ ვერანაირი დაფინანსება ვერ მოვიპოვეთ ჰოლივუდის კინოსტუდიებში. და ამ დროს გამოჩნდა ნეტფლიქსი", - თქვა მარტინ სკორსეზემ.

ინტერვიუს ბოლოს, ჟურნალისტმა რეჟისორს კითხა, მოწონს თუ არა სულ უფრო მეტი ახალი ტექნოლოგიის შემოსვლა კინოსამყაროში.

"ყველაფერი ახალი მისაღებია, თუ ის არ მოიპარავს ნამუშევრის გულსა და სულს. ასევე, ადამიანურ ელემენტს, რაც ყველაზე საკვანძოა", - უპასუხა მარტინ სკორსეზემ.

The Irishman მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო და ჯო პეში ასრულებენ. ფილმი განგსტერების ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ჩარლზ ბრენდის ნოველას "I Heard You Paint Houses" ეყრდნობა.

ფილმი დიდ ეკრანებზე 27 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები