ბრექსითი

ბორის ჯონსონმა, შესაძლოა, ევროკავშირთან ბრექსითის ახალი შეთანხმების მიღწევა შეძლოს

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და მისი გუნდი ბრექსითზე შეთანხმების მისაღწევად ინტენსიურ მოლაპარაკებებს მომდევნო 48 საათის განმავლობაში გააგრძელებენ. ბრიტანეთის მთავრობაში ამბობენ, რომ განწყობა დადებითია და შესაძლოა, ბრექსითზე ახალ შეთანხმებას მიაღწიონ.

ევროკავშირის წყაროები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ ჯონსონმა ირლანდიასთან საბაჟო საზღვრის საკითხზე საკუთარი პოზიციები დათმო. მათი თქმით ბრიტანეთში შეთანხმდნენ, რომ შეთანხმება, რომელიც ირლანდიის კუნძულზე მყარ საზღვარს მოიცავს, ვერ შედგება.

თავად ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ უარყო, რომ შესაძლოა ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებაში დარჩეს. მან თქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარის გაკეთება არასწორი იქნება.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ რაიმე ისეთს, რაც ხელს შეუშლის მთელს გაერთიანებულ სამეფოს სარგებელი მიიღოს ბრექსითისაგან. ჩემი აზრით, სწორეს ამას მოელის ხალხი და ვფიქრობთ, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია."

ბრექსითის მოლაპარაკებების ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე დიდი ბრიტანეთის ბრექსითის მდივანს, სტივენ ბარკლეის შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრა ბორის ჯონსონსა და ირლანდიის პრემიერმინისტრ ლეო ვარადკარს შორის. მათ სწორედ ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვრის საკითხი განიხილეს და თქვეს, რომ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ტერეზა მეის შეთანხმების შეცვლილი ვერსიის მიღება შესაძლებელია, თუმცა 31 ოქტომბრამდე, ანუ ბრექსითის საბოლოო ვადამდე ყველა დეტალის დამუშავება ვერ მოესწრება.

ამგვარი გეგმით ჩრდილოეთ ირლანდია ევროკავშირის საბაჟო შეთანხმებას დატოვებს, მაგრამ გაერთიანებული სამეფო დათანხმდება ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში მიმავალ საქონელზე ევროკავშირის საბაჟო რეგულაციების გამოყენებაზე.

უცნობია მოიწონებს თუ არა ამ გეგმას დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, რომელმაც ტერეზა მეის შეთანხმება სამჯერ ჩააგდო.

სწორედ ირლანდიის საზღვარის საკითხი იქცა მეის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად. მეის გეგმაში საკითხის გადასაჭრელად გათვალისწინებული იყო ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონი ამ მექანიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ მისი შეცვლის გარეშე შეთანხმება ვერ შედგებოდა.

ერთი კვირის წინ ჯონსონმა წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირს 2021 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად დატოვებს, თუმცა, თუ ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეა მხარს დაუჭერს, ისინი ევროკავშირის რეგულაციებს შეინარჩუნებენ სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროდუქტებზე.

ამ გეგმის მიხედვით მსგავსი მოწყობა შესაძლოა მუდმივად გაგრძელდეს, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიამ ის ყოველ 4 წელიწადში ხელახლა უნდა დაადასტუროს.

საბაჟო შემოწმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ელექტრონული გახდება და სწორედ ასე მოხდება საბუთების შევსება და შემოწმება. ჯონსონის თქმით ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა როდენობის შემმოწმებელი პუნქტის არსებობა იქნება საჭირო, რომლებიც, თავის მხრივ, უშუალოდ საზღვარზე არ იქნება განთავსებული და მისგან მოშორებით, ბიზნესების ტერიტორიაზე და მიწოდების ქსელის სხვა პუნქტებთან განთავსდება.

ჯონსონი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელი პარლამენტები ამ გეგმას მოიწონებდნენ, თუმცა ევროკავშირში მას ენთუზიაზმით არ შეხვდნენ.

ჯონსონს წინააღმდეგობა შეხვდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას. დაუნინგ სტრიტის ინფორმაციის მერკელს სურდა ჩრდილოეთ ირლანდია საბაჟო კავშირში დარჩენილიყო.

მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანულ მაკრონს 13 ოქტომბერს შეხვდება. 17-18 ოქტომბერს კი ჯონსონსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის სამიტი გაიმართება, რომელიც, შესაძლოა, ბრექსითის შეთანხმების მიღწევის პროცესში გადამყვეტი აღმოჩნდეს.

კომენტარები