უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

გენპროკურორი მის დიპლომთან დაკავშირებულ ეჭვებს იმით პასუხობს, რომ 2001 წელს NGO-ში აჰყავდათ

გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მის დიპლომთან დაკავშირებულ ეჭვებს იმით პასუხობს, რომ წლების წინ ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მას სამსახურს სთავაზობდნენ.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია თადუმაძეს მის დიპლომთან დაკავშირებით უსვამდა კითხვებს, რა დროსაც თადუმაძემ თქვა, რომ ბოკერიასგან დიპლომთან დაკავშირებული კითხვები უკვირს იმიტომ, რომ 2001 წელს მას არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების ინსტიტუტი" სამსახურს სთავაზობდა. 

შალვა თადუმაძე: დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს, ბატონო გიგა, გეტყვით, რატომ. 2001 თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებებზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით.

გიგა ბოკერია: და მერე? ქვეყნის გენპროკურორად კი არ აყავდით და მთელი ცხოვრებით უზენაეს სასამართლოში კი არ გნიშნავდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები იმ მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, რომელთა 20-კაციანი სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. 

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

კომენტარები