უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ფაფიაშვილის თქმით, FB ჯგუფში ლექტორის შეურაცხმყოფელი პოსტი წვრილმან ხულიგნობად არ მიაჩნია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ამბობს, რომ დახურულ Facebook ჯგუფში სტუდენტის მიერ ლექტორის შეურაცხყოფას წვრილმან ხულიგნობად არ მიიჩნევს და მისთვის ეს გამოხატვის ფარგლებში ჯდება. 

ამის შესახებ ფაფიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს, უპასუხა.

"ზოგადად, ჩემი პერსპექტივიდან თუ ვისაუბრებ, მე ვთვლი, რომ გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლებითვე უნდა იყოს დაბალანსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მე არ მომწონს ის, რაც ვიღაცამ თქვა ჩემზე, ამის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა შეპასუხება, თუ რა თქმა უნდა, ეს ადამიანი მოსამართლე არ არის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სისხლის სამართლებრივად ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში მე სუბიექტურად არ მიმაჩნია გამართლებულად,"- თქვა ლალი ფაფიაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა სტუდენტი, რომელმაც ლექტორს დახურულ Facebook ჯგუფში შეაგინა, ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე სპეციალობის სტუდენტს ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა. 25 სექტემბერს, სასამართლომ სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სახდელისგან გაათავისუფლა და შენიშვნით შემოიფარგლა.

სტუდენტი ბუბა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა და აპირებს, სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.

კომენტარები