თამთა თოდაძის საქმე

NGO-ები პროკურატურას თამთა თოდაძის მიმართ ძალადობაზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანება "კოალიცია თანასწორობისთვის" სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, NGO-ები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო განცხადების დროს და ამ განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

"პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საუბარს ყოველთვის თან სდევს სტიგმა. მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე პატრიარქალური ლოგიკა ისევ ქალს აკისრებს პასუხისმგებლობას და მის დადანაშაულებას ცდილობს. თამთა თოდაძის მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე საჯაროდ ლაპარაკი, არსებითად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკების გამოვლენის, კრიტიკისა და მსხვერპლების მხარდაჭერისთვის. მსხვერპლი ქალის, ისედაც მოწყვლადი, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო უმოქმედობას და გულგრილობას იჩენს. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქმეზე ეფექტიანი, სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. გამოძიება არ უნდა ტოვებდეს მიკერძოებულობის აღქმას საზოგადოებაში. თამთა თოდაძის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდო ბრალდებულ ჩინოვნიკს მართლმსაჯულების სისტემამ სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს და არ შეიწყნაროს ძალადობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

"კოალიცია თანასწორობისთვის" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ. NGO-ები კახა კალაძის განცხადებაზე მიუთითებენ, როგორც ამის საწინააღმდეგო მაგალითზე.

"აღსანიშნავია, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ილია ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა. ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკაზე იყოს აქცენტირებული. ქალებზე ძალადობის მიმართ ხელისუფლების რბილი და შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ახალისებს ძალადობას და ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, NGO-ების განცხადებით, არსებითია, თამთა თოდაძის საქმის მედიაში გაშუქების დროს, ჟურნალისტებმა არ მოახდინონ მსხვერპლის მეორადი ვიქტიმიზაცია და მისთვის ღირსების შემლახავი და დამაზიანებელი კითხვების დასმა.

"კოალიცია თანასწორობისთვის" მოუწოდებს:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი. 
  • მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას. 
  • მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი. 

განცხადებას ხელს აწერენ "კოალიცია თანასწორობისთვის" წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი "საფარი"
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ, მას მოწმის სტატუსი აქვს და დაზარალებულად არ არის ცნობილი, ილია ჯიშკარიანს კი ბრალი არ აქვს წარდგენილი. პროკურატურაში ამბობენ, რომ "კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" მას შემდეგ მიიღებენ, რაც "ექსპერტიზის დასკვნები შეფასდება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში". თავად ილია ჯიშკარიანი მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში: "არ მეშინია არც ერთი შეკითხვის" - თამთა თოდაძე დაზარალებულის სტატუსის გარეშე

კომენტარები