მსოფლიო წიგნის დედაქალაქი

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2021 წელს თბილისი მსოფლიო წიგნის დედაქალაქი იქნება

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2021 წელს მსოფლიო წინგის დედაქალაქი თბილისი იქნება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მრჩეველთა კომისიის რეკომენდაციით მიიღეს, რომელიც შვეიცარიაში ივნისში შეიკრიბა.

UNESCO მსოფლიო წიგნის დედაქალაქს 2001 წლიდან ასახელებს. შერჩეულ ქალაქში წლის განმავლობაში წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობები იმართება. თბილისი ასეთი 21-ე ქალაქი იქნება.

UNESCO-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ პროგრამა ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რამაც, თავის მხრივ, ახალგაზრდებში წიგნის კითხვა უნდა წაახალისოს.

პროგრამა სხვადასხვა აქტივობებისგან შედგება - მათ შორის იქნება ბიბლიოთეკები და წიგნის ფესტივალები ბავშვებისთვის, ციფრული პროექტი, რომელიც წინებს თამაშებად აქცევს, ასევე უნდა აღდგეს პირველი ქართული საგამომცემლო სახლი.

პროგრამა და აქტივობები მორგებული იქნება ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ მკითხველზე, ვისაც წიგნთან წვდომა შეზღუდული აქვს. თბილისის, როგორც მსოფლიო წიგნის დედაქალაქის, მთავარი მიზანი კითხვის პოპულარიზაცია და წიგნის ხელმისაწვდომობის ზრდა იქნება.

ღონისძიებები 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

 

კომენტარები