გია ვოლსკი

მთავარი არხი: ვოლსკის მეგობრის კომპანიებმა ბიუჯეტიდან $30 მილიონი და ₾50 მილიონი მიიღეს

ტაბულა

მთავარ არხზე ორ ოქტომბერს გასული სიუჟეტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის მეგობრების კომპანიებმა გასულ წლებში ბიუჯეტიდან 70 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

საუბარია კომპანია აკეარის მფლობელ ამირან ტორონჯაძეზე, რომელიც, კომპანიის ფინანსური მენეჯერის თქმით, ვოლსკის ბავშვობის მეგობარია.

სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება ერთ შემთხვევაში 20 248 800 დოლარი იყო, სხვა შემთხვევებში კი 5 310 000 და 4 650 000 დოლარი.

გარდა ამისა, მთავარი არხის ცნობით, დაახლოებით 50 მილიონი ლარი ვოლსკის მეგობარმა უკონკურენტო ტენდერიდან მიიღო.

სიუჟეტში ნათქვამია ისიც, რომ "სანდო წყაროს" ინფორმაციით, კომპანიაში წილს გია ვოლსკიც ფლობს.

აკეარი ახორციელებს შიდა ფრენებს ნატახტარიდან ამბროლაურისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით. ფრენები ბილეთის ფასზე ძვირი ჯდება, რის გამოც, შესაბამისად, სახელმწიფო სუბსიდიებს გასცემს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა კომპანიას, რომლის დირექტორი და 49%-იანი წილის მფლობელი ტორონჯაძე იყო.

გარკვეული ხნის შემდეგ კი აეროპორტების გაერთიანებამ კონტრაქტი გაუფორმა კომპანიას, სადაც წილის 49%-ს კვლავ ამირან ტორონჯაძე ფლობს.

გია ვოლსკი სიცრუედ აფასებს ეჭვებს შესაძლო კორუფციაზე.

კომენტარები