გიორგი ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია პოლიტიკაში დაბრუნებას განიხილავს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას განიხილავს, თუმცა, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ნოემბრის დასაწყისში მიიღებს. 

ქობულიამ თავის პოლიტიკურ მომავალზე პალიტრა ნიუსის გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა. 

გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, შეიძლება თუ არა, რომ ქობულია იმ საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი წევრი იყოს, რომლის შექმნაც ანა დოლიძემ დააანონსა.

"არაერთხელ ვთქვი, რომ მე განვიხილავ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ზუსტ გადაწყვეტილებას დაახლოებით ნოემბრის დასაწყისში მივიღებ.

ვწუხვარ, ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე რამეს ვმალავ, არამედ იმიტომ, რომ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ადამიანები, რომელთანაც მაქვს მოლაპარაკებები. 

არ არის ლაპარაკი რამდენიმე შესაძლებლობაზე, საუბარია გუნდის შემადგენლობაზე. სანამ გუნდი არ შედგება და გუნდის ყველა წევრი ხელს არ მოაწერს ჩვენს პოზიციას, მის წევრებზე ინფორმაციის გაჟღერება არ მგონია, სწორი იყოს. 

მეც ვარ გუნდის ჩამომყალიბებელს შორის. ამიტომ, როცა ამ გუნდის ყველა წევრი შეთანხმდება რაღაც პოზიციაზე", - თქვა ქობულიამ. 

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში მან გაიცნო ქართული პოლიტიკა და ახლა ის მას იცნობს ბევრად უკეთ, ვიდრე მაშინ, როცა იღებდა გადაწყვეტილებას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ. 

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას უკვე ყოფილმა პრემიერმინისტმა ბახტაძემ ხელი 18 აპრილს მოაწერა. მისი შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაცია ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე კვირით ადრეც ვრცელდებოდა. რუსთავი 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებდა. 

მალევე ქობულიამ თქვა, რომ ის გადააყენეს და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა. 

კომენტარები