ჰონგ-კონგი

ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა

REUTERS

აზიელი და დასავლელი ატაშეების ინფორმაციით, ამჟამად, ჰონგ-კონგში, დაახლოებით, 12 000 ჩინელი სამხედრო პერსონალი იმყოფება. 

დიპლომატებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, 1 თვის წინ ჰონგ-კონგში ჩინეთის სახალო არმის შესვლა როტაცია არ ყოფილა. 

სამმა მათგანმა თქვა, რომ მიმდინარე პროტესტის შემდეგ ჰონგ-კონგში ჩინური სამხედრო პერსონალი აქამდე არსებულზე, სულ მცირე, ორჯერ მეტი გახდა. 

მათივე შეფასებით, თუ ერთი თვის წინ ჩინელი სამხედრო პერსონალების რაოდენობა 3 000-დან 5000-მდე იყო, ახლა ეს რიცხვი 10 000-დან 12 000-მდე გაიზარდა. 

მათი თქმით, სამხედრო პერსონალში ჩინეთის სახალო განმათავისუფლებელი არმიის გარდა სახალო შეიარაღებული პოლიციაც შედიოდა, რომლებიც შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აქციების არალეტალური დარბევისთვის სპეციალურად გაწვრთნეს.

ატაშეებს არ უთქვამთ, თუ როგორ მოიპოვეს აღნიშნული ინფორმაცია.

სახალო შეიარაღებული პოლიცია 1.4 მილიარდიანი მოსახლეობის ქვეყანაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთმმართველობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავარი ელემენტია.



ფოტო: REUTERS

29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია შევიდა. ჩინეთი სახელმწიფო მედის თქმით, ეს ჯარის სტანდარტული როტაცია იყო.

ჰონგ-კონგში მასთან მდებარე კონტინენტური ჩინეთის ქალაქიდან შენჭენიდან ჯავშანტექნიკა, სატვირთო მანქანები და საპატრულო ნავი შევიდა. 

გასულ წელს ჩინეთმა განაცხადა, რომ ჰონგ-კონგში ჯარისკაცებისა და აღჭურვილობის რაოდენობა არ შეცვლილა. სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ 29 აგვისტოს როტაცია ნორმალური იყო, თუმცა ჯარის რაოდენობის ცვლილების შესახებ არაფერი უთქვამთ.

ჯარი მაკაუს სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონშიც იმყოფება.

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავზე ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, სამმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები