სომალი

სომალიში დაჯგუფება ალ-შაბაბი სამხედრო ბაზას დაესხა თავს

ALAMY

სომალიში, ქვემო შაბელეს რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის ჯარისკაცები წვრთნებს ატარებენ, ჯიჰადისტები დაესხნენ თავს.

ადგილობრივების თქმით ისმოდა აფეთქებების და სროლის ხმა. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო. მათი თქმით დანაღმული მანქანა გამოიყენეს და მათი მებრძოლები სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შევიდნენ. დაჯგუფების განცხადების მიხედვით ბაზაზე ბრძოლა კვლავ გრძელდება.

სომალის სამხედრო ძალების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თავდასხმა მოიგერიეს.

სამხედრო ბაზა დედაქალაქ მოგადიშუდან ას კილომეტრზე მდებარეობს და არსებობს ვარაუდი, რომ აშშ-ის და სომალის სპეციალური დანაყოფები და უგანდელი მშვიდობისმყოფელები სწორედ ამ ბაზაზე იმყოფებიან. საწვრთნელი ცენტრის გარდა ბაზა დრონების გასაშვებად გამოიყენება.

დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ აშშ-მა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ალ-შაბაბზე საჰაერო თავდასხმები გაააქტიურა.

თავდასხმის პარალელურად მოგადიშუში იტალიის სამხედრო ძალების მანქანას დაესხნენ თავს. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

კომენტარები