ევროპული საქართველო

ქებურია სპეცრაზმელის გათავისუფლებაზე: სახეზეა ცალსახა შერჩევითი სამართალი

ლელა ქებურია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატი ლელა ქებურია 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს. 

ქებურიას თქმით, ხელისუფლების მხრიდან სპეცრაზმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, შს მინისტრ გიორგი გახარიას გაპრემიერმინისტრების შემდეგ, საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გზავნილია, რომ ისინი გავრილოვის ღამეზე არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებენ. 

"მინდა, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი იმის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გათვალისწინებული იყოს და სასამართლომ პატიმრებთან მიმართებით უფრო ჰუმანური აღკვეთის ღონისძიება მიიღოს, თუმცა აქაც სახეზე გვაქვს მკაფიო შერჩევითი სამართალი," - ამბობს ქებურია. 

მას მაგალითად 20 ივნისის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტი ლევან ჯიქური მოჰყავს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ადვოკატებისა და ცოლის ცნობით, ასევე მძიმეა. ჯიქური ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამაც, მოინახულა. 

"ლევან ჯიქური დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, მას პარალიზებული აქვს მარცხენა კიდურები, ხელი და ფეხი და 40 კგ-მდე არის წონაში დაკლებული. ამ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო იგივე სახის ღონისძიებას არ მიმართავს, ეს არის მკაფიო შერჩევითი სამართალი და გზავნილი საზოგადოებისადმი,"- ამბობს ქებურია.

დეპუტატი უფლებადამცველებსა და ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდებს, რომ მოინახულონ ლევან ჯიქური, ადგილზე გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილებები ამ პატიმართან დაკავშირებით. 

"ხელისუფლების გზავნილების პარალელურად, ასევე მკაფიოა საზოგადოების გზავნილებიც პარალელურად იმიტომ, რომ თქვენ კარგად ნახეთ, რომ ხელისუფლებას აქვს მოლოდინი იმისა, რომ საზოგადოებას გადაუვლის ბრაზი და საზოგადოებას დაავიწყდება ის ყველაფერი, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ ამ ღამეს, მაგრამ კარგად ნახეთ საზოგადოება ამ მოვლენებიდან 3 თვის შემდეგაც კი იყო ძალიან აქტიური და ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ. ამიტომ, ხელისუფლებას ნუ ექნება მოლოდინი, რომ საზოგადოებას რამე დაავიწყდება. ისინი აუცილებლად მიიღებენ ძალიან მძიმე პასუხს ერთის მხრივ მკაფიო საზოგადოებრივი პროტესტით, ლეგიტიმური, სამართლებრივი და კონსტიტუციური გზით და მეორე მხრივ, ისინი ძალიან მძიმე შედეგებს მიიღებენ არჩევნებზე,"- ამბობს ქებურია. 

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი ლევან იმერლიშვილი 27 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლეს. იმერლიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო დააკისრა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა სხდომაზ დაცვის მხარემ დააყენა, ამის მიზეზად სპეცრაზმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა, რაც ბრალდების მხარემ არ გაიზიარა.

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელი 15 ივლისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე იმერლიშვილმა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკავებულ პირზე.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაგან უკვე 2 საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება. 

კომენტარები