აშშ

აშშ-ის კონგრესმენები ტრამპის ქმედებაზე დაზვერვის თანამშრომლის საჩივარს გაეცნენ

დონალდ ტრამპი
Time

აშშ-ის კონგრესის წევრები გაეცნენ დაზვერვის თანამშრომლის ანონიმურ საჩივარს, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებას უკავშირდება. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა მას "შემაწუხებელი" უწოდეს.

დღეს აშშ-ის კონგრესის სადაზვერვო კომიტეტის წევრები მოუსმენენ დაზვერვის მოქმედი ხელმძღვანელის ჩვენებას საჩივრის თაობაზე.

საჩივარი შეეხება ტრამპის სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის საფუძველზეც კონგრესში საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

საჩივრის გასაჯაროებისაკენ მოწოდება გაავრცელა სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

New York Times-ის მიხედვით საჩივარი შეეხება არა მხოლოდ ტრამპის ზარს ზელენსკისთან, არამედ თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ საუბრის ჩანაწერთან მოპყრობას.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 25 ივლისს შედგა. საუბრის შინაარსზე მასალა თავდაპირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეწერა, რომ ეს ინფორმაცია მათ არაერთმა წყარომ დაუდასტურა. საუბარია დონალდ ტრამპის თხოვნაზე ვოლოდიმირ ზელისნკის მიმართ.

გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ზელენსკის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის მიმართ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა. ჰანტერ ბაიდენი 2014-19 წლებში უკრაინული ნავთობკომპანიის "ბურისმას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

სამშაბათს, 24 სექტემბერს, ტრამპმა აღიარა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, გამოძიებინათ ჯო ბაიდენის და მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმიანობა. ტრამპის თქმით, თხოვნას იძულების ან გავლენის მოხდენის შინაარსი არ ჰქონია. 

ტრამპმა, ასევე აღიარა, რომ თითქმის ორი თვით შეაკავა უკრაინისთვის განკუთვნილი 400 მილიონი დოლარის ფულადი დახმარების გაცემა.

CNN-ს წყარომ დაუდასტურა, რომ სწორედ ამ ზართან დაკავშირებით დაწერა სადაზვერვო უწყებაში მომუშავე პირმა სარჩელი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ლიდერს არაკეთილსინდისიერი დაპირება მისცა. ამ დრომდე კონგრესისათვის სარჩელის გადაცემას ტრამპის ადმინისტრაცია ბლოკავდა.

დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიება დაიწყო.

ამის შემდეგ ტრამპმა საუბრის ტრანსკრიპტი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ტრამპი ზელენსკის ბაიდენის და მისი შვილის საქმის გამოძიებას სთხოვს. ტრამპა რაიმე კანონდარღვევას უარყოფს და საიმპიჩმენტო გამოძიებას "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

კომენტარები