სოციალური ქსელები და არასრულწლოვნები

სამხ. კაროლინაში 11 წლის ბიჭმა 300 კმ-ზე მეტი იარა, რათა Snapchat-ზე გაცნობილ კაცთან წასულიყო

CNN

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში 11 წლის ბიჭმა მანქანით 300 კმ-ზე მეტი იარა, რათა შეხვედროდა კაცს, რომელსაც მხოლოდ სოციალურ ქსელ Snapchat-დან იცნობდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ჩარლსტონის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს

პოლიციის ცნობით, 3-საათიანი მანქანის ტარების შემდეგ, 11 წლის ბიჭმა პოლიციის თანამშრომელი შენიშნა, მანქანა მასთან გააჩერა და უთხრა, რომ დაიკარგა. ბიჭი სიმფსონვილიდან ჩარლსტონამდე გადაადგილდებოდა. 

მან პოლიციელს უთხრა, რომ თავისი უფროსი ძმის მანქანა გამოიყენა, რათა ჩარლსტონში წასულიყო, სადაც მას "Snapchat-ში გაცნობილ უცნობ კაცთან" ერთად სურდა ცხოვრება. პოლიციისვე ცნობით, ბიჭმა მამის პლანშეტზე GPS კავშირი დაკარგა, მან კი კაცის მისამართის აღდგენა ვერ შეძლო, რადგან Snapchat-ზე მიღებული შეტყობინებები ქრება ან ავტომატურად იშლება მას შემდეგ, რაც მათ ადრესატი წაიკითხავს. 

ბიჭმა პოლიციელებს თავისი სახელი, მამის სახელი და მისი მობილურის ნომერი მისცა. პოლიციელებმა ის ოჯახთან დააბრუნეს. 

ჩარლსტონის სპიკერმა, ჩარლზ ფრენსისმა, WCSC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციამ უცნობი კაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

"მინდა, რომ დღეს, აი, ახლა, ყველა, ვინც ამ ეთერს უყურებთ, ვინც ბავშვის მშობელი ხართ, განსაკუთრებით 11 წლის ბავშვის, დასხდეთ თქვენს 11 წლის შვილებთან ერთად ახლავე, აი, ამ წუთას და დაელაპარაკოთ მათ იმაზე, თუ რას აკეთებთ სოციალურ მედიაში, რა საფრთხეები და რა დადებითი მხარეები აქვს მას და იმაზე, რაზეც როგორც მშობლები ყოველდღიურად უნდა ველაპარაკოთ მათ," - თქვა ფრენსისმა WCSC-ის ეთერში. 

კომენტარები