უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას იწყებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე ხვალ ორი კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი და თამარ ალანია წარდგებიან. საკანონმდებლო ორგანო მოსამართლეობის ყველა კანდიდატს ჯერ მოუსმენს, შემდეგ კი მათ კენჭს სათითაოდ უყრის. 

20-კაციანი სია პარლამენტს იუსტიციის უზენაესმა საბჭომ 4 სექტემბერს წარუდგინა.

უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლე დასანიშნი კანდიდატები არიან: 

მაია ვაჩაძე, გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, პაატა სილაგაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, თამარ ზამბახიძე, ქეთევან ცინაცძე და გოჩა ჯეირანაშვილი

მათ შერჩევასწინ კონკურსი და გასაუბრება უძღოდა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ნეპოტიზმზე, გარიგებებსა და რიგ კანონდარღვევებზე საუბრობდა

ვინ არის მერაბ გაბინაშვილი 

თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე. 

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ მომზადებულ პორტფოლიოებში, რომლებშიც მათი განათლების, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებია განხილული, წერია: 

2019 წლის 2 ივლისს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა სააპელაციო წესით განიხილა დავა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

განჩინებაში არ იკვეთება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ბრალდებულის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება (განჩინება უთითებს მხოლოდ ბრალდების დადგენილებაზე). მეტიც - არ ჩანს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ არსებობდა ნიკანორ მელიას მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი. 

საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

  • 2013-2017 წლებში, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა
  • ასევე, მოსამართლე გაბინაშვილის საბჭოში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების გამჟღავნების საქმე.
  • 2016 წელს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საცხოვრებელი ბინის ქირა, წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა იმ პირობებში, როდესაც მოსამართლე ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადების მიხედვით, ინფორმაცია სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.3 არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება, ხოლო პროკურატურას – გამოძიება.4 საზოგადოებისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება ამ ფაქტს.
  • კანდიდატ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. ამ პერიოდში, 7 მოსამართლე უკონკურსოდ დაწინაურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
  • მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას, ასევე, მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას.

მერაბ გაბინაშვილის პორტფოლიო ვრცლად ნახეთ აქ

ვინ არის თამარ ალანია 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

მის მიერ განხილული საქმე
 

2007 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, განიხილა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც დამნაშავემ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში დააკავეს თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. 2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი ჩაეთვალა პირობითად. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

არასამთავრობო ორგანზიაციების შეფასებით, საქმე იყო რეზონანსული, ვინაიდან ეხებოდა არასრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.

ალანიას პორტფოლიოში წერია: 

  • განაჩენი არის მშრალი, საქმის მასალების წარმოჩენის გარეშე. მხოლოდ განაჩენიდან შეუძლებელია არათუ დასაბუთების, არამედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გაგება. განაჩენის სამოტივაციო ნაწილი მხოლოდ 2 გვერდისგან შედგება (მთლიანობაში, განაჩენი არის 6 გვერდი).
  • საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს ნათელი და აგებული ლოგიკური სტრუქტურით, მსჯელობა საკმარისად განვცრობილი, რათა ობიექტურმა პირმა შეძლოს საქმის არსის გაგება. მსჯელობა საკმარისი უნდა იყოს, რათა წაგებულმა მხარემ დაინახოს, რომ მისი პოზიციის არსებითი ასპექტები სრულად არის გათვალისწინებული.
  • განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა იმაზე, თუ რა მტკიცებულებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ, რა ინფორმაციას ატარებს თითოეული მათგანი, რამდენად არის თითოეული დასაშვები, უტყუარი და რელევანტური.
  • რჩება შთაბეჭდილება, რომ განაჩენი მიმართულია დაცვის მხარის მტკიცებულებათა გაბათილებისკენ და არა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობის/დამაჯერებლობლობის შემოწმებისკენ.
  • განაჩენში არ არის მსჯელობა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა განზრახვის სახე (პირდაპირი თუ არაპირდაპირი), დანაშაულის მოტივი და მიზანი და სხვა.
  • სააპელაციო სასამართლოს განაჩენში არ არის მითითება იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს; არც იმაზე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. სანაცვლოდ მითითებულია, რომ საქალაქო სასამართლოს „განაჩენში ჩამოყალიბებული სამართლებრივი დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად“.

ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებობდა არსებითი წინააღმდეგობები, ასევე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა – ეს ხარვეზები სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა. სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება ისე, რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი დამაჯერებლად არ დაუსაბუთებია (მაგ. მოწმეთა ჩვენებები და საექსპერტო დასკვნები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ, სასამართლომ არ გაიზიარა, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებები, რომლებიც ფაქტის თვითმხილველები არ ყოფილან, თუმცა, ყუფარაძის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, სასამართლომ გაითვალისწინა).

  • სასამართლომ განაჩენში არ მიუთითა და ასახა ის საკითხები, რაც მხარეებმა პროცესზე წამოჭრეს და შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა საქმის საბოლოო შედეგზე. განაჩენში არ ჩანს, რა მნიშვნელოვანი შუამდგომლობები დააყენეს მხარეებმა და რა პოზიცია გაიზიარა სასამართლომ. მაგალითად, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოსგან ითხოვდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას. ეს სასამართლოს დაეხმარებოდა დაზარალებულის ჩვენების სისწორის დადგენაში, რაზეც, როგორც საქმის მასალებიდანვე ირკვევა, დაცვის მხარეს უარი ეთქვა.
  • კანონმდებლობის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერას, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო, ასევე მითითებული უნდა იყოს მისი ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი.
  • სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ არ იმსჯელა სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობაზე, იმის გათვალსწინებით, რომ საქმე ეხებოდა არასწრულწლოვანს. ამასთან, იმ დროისათვის საქართველოში არ არსებობდა ქალ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა აღმზრდებლობითი (საპატიმრო) დაწესებულება. სასამართლომ არ იმსჯელა, როგორ აისახებოდა აღნიშნული მოცემულობა არასრულწლოვნის უფლებებზე, მათ შორის, მისი რესოციალიზაციის ინტერესზე. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (N30743/09 (2017) მიუთითა, რომ „სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება, რომლის საფუძველზეც აპლიკანტის სასარგებლო ექსპერტიზის ორი ალტერნატიული დასკვნა არ დაუშვეს, შეიძლება კრიტიკის საგანი გახდეს. განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელშიც მოსამართლის აზრით, სადავო დასკვნები არ შეიცავდნენ შესაბამის ინფორმაციას იმის მიუხედავად, რომ მტკიცებულებები საპირისპიროს მიუთითებენ“. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ დასძინა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებათა გაუზიარებლობა არ იყო იმ ხარისხის ქმედება, რაც სასამართლოს განხილვის სამართლიანობაზე, ერთიანად აღებული, გავლენას მოახდენდა.

საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

  • მოსამართლე თამარ ალანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მან სასამართლო სისტემაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა.
  • კანდიდატ თამარ ალანიას საბჭოს წევრობის დროს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები გამჟღავნდა, სავარაუდოდ, საბჭოდან.2 აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო აწარმოებდა შიდა მოკვლევას, თუმცა, შედეგები უცნობია.
  • მოსამართლე თამარ ალანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საცხოვრებელ ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა და დაქირავებისათვის საჭირო ხარჯები წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაშინ განაცხადა, რომ ინფორმაცია მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა,3 თუმცა, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება, ხოლო პროკურატურას – გამოძიება.4 საზოგადოებისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა ამ ფაქტს რაიმე რეაგირება.
  • მოსამართლე თამარ ალანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანის და დაწინაურების მექანიზმი. სწორედ ამ პერიოდში 7 მოსამართლე უკონკურსოდ დაწინაურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, თამარ ალანიამ ისე მიიღო მონაწილეობა მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების – კენჭისყრის პროცესში, რომ საერთოდ არ დასწრებია მათთან გასაუბრებას. არამოსამართლე წევრმა სხდომაზე აღნიშნული საკითხი დააყენა, მაგრამ საბჭოს შესაბამისი ზომები არ მიუღია. 

თამარ ალანიას პორტფოლიო ვრცლად ნახეთ აქ

კომენტარები