ჯოკერი

ახალი "ჯოკერი" - რა ვიცით ტოდ ფილიპსის ფილმის შესახებ

IMDB

ტოდ ფილიპსის ახალი "ჯოკერი", რომელიც DC-ის მთავარი ბოროტმოქმედის  ისტორიას გვიამბობს, წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს, ოსკარზე სამჯერ ნომინირებული, ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. თუ ადრე, ყველა ფილმსა და კომიქსში ჯოკერი ბოროტმოქმედია, რომელიც ბეტმენის განადგურებას და ქალაქ გოთემში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს, ფილიპსის ფილმში, არტურ ფლეკი და მოგვიანებით ჯოკერი, ადამიანია, რომელიც უვლის მძიმედ დაავადებულ, მოხუც დედას, ცდილობს გახდეს ცნობილი კომიკოსი, მიაღწიოს წარმატებას და უბრალოდ მშვიდად იცხოვროს.  ტოდ ფილიპსმა თავის ფილმში ჯოკერის მძიმე ცხოვრება და ის პრობლემები, უსამართლობა და აგრესია გვაჩვენა, რომელთანაც ამ პერსონაჟს შეჯახება მუდმივად უწევდა. როგორ იქცა ჯოკერი გოთემის ყველაზე საშიშ ბოროტმოქმედად? ტოდ ფილიპსის ახალი ფილმი პასუხს სწორედ ამ კითხვაზე გასცემს.


ფოტო: IMDB

როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მის მიერ შექმნილ ჯოკერს ბევრი საერთო არ აქვს DC-ის კომიქსებთან თუ ფილმებთან. ეს ჯოკერის ისტორია კი არა, ჯოკერად ქცევის ისტორია იქნება. თუმცა, აქვე შეიძლება გავიხსენოთ DC-ის 1988 წლის კომიქსი: Batman: The Killing Joke, რომელიც სწორედ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ჯოკერად გადაქცევის ამბავს გვიყვება.

სოციალური პრობლემები, მიუღებლობა საზოგადოების მხრიდან, ბავშვობის ტრავმები და კომპლექსური ურთიერთობა დედასთან - ეს ის ფონია, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრებას მუდამ თან სდევს. "მეგონა ჩემი ცხოვრება ტრაგედია იყო" ამბობს ჯოკერი ფილმის თრეილერში "ახლა ვხვდები რომ კომედიაა"


ფოტო: IMDB

როგორც წესი, ჯოკერის ისტორია შემდეგნაირადაა წარმოდგენილი: ადამიანი, რომელსაც ბეტმენის შეეშინდა, ჩავარდა ქიმიკატებში, სრულიად შეიშალა და კანის თეთრი ფერი და მწვანე თმა აქვს. თუმცა ეს მთლიანი ამბავი არ არის. კომიქსში Batman: The Killing Joke, რომელიც რეჟისორისთვის ინსპირაციად იქცა, ჯოკერი ინჟინერია, რომელიც ქარხანაში მუშაობას თავს დაანებებს, რომ კომიკოსი გახდეს, თუმცა მისი ახალი კარიერის დაწყების მცდელობა სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდება.  შემდეგ, ამ წარუმატებლობას მისი ორსული ცოლის გარდაცვალება და ძარცვის შეუმდგარი მცდელობადაემატება. კომიქსის მიხედვით, ჯოკერს ზედმეტსახელის გარდა, სხვა სახელი არ გააჩნია.


ფოტო: IMDB

თუ კომიქსებში ადამიანს, რომელიც ჯოკერად იქცევა სახელი არ ჰქონია,  ტოდ ფილიპსმა ჯოკერს სახელი - არტურ ფლეკი, აჩუქა და საზოგადოებას მისი სევდიანი ისტორია, სრულიად სხვა კუთხით დაანახა.

რადგან მსოფლიო ჯოკერის სრულიად ახლებური ამბის გაგებისთვის ემზადება და ამ კუთხით ბოროტმოქმედის ცხოვრება არავის გაუშუქებია, მეტიც არავის მოუყოლია, თუ როგორი გაუსაძლისი იყო არტურ ფლეკის ცხოვრება და არავის შესცოდებია ის,  ესეიგი მსახიობსაც საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებოდა ჯოკერის პორტრეტის იდეალურად წარმოჩენისთვის. თანაც მისი წინამორბედები, რომლებმაც წარმატებულად შეასრულეს ეს როლი, ბრწყინვალე ჰიტ ლეჯერი და ლეგენდარული  ჯეკ ნიკოლსონი არიან. 


ფოტო: IMDB
ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც  ფილმში მთავარი გმირი განასახიერა, როლისთვის დიდხანს ემზადებოდა. მას მოუწია, წონაში საგრძნობლად დაეკლო და რაც მთავარია, ჯოკერივით სიცილი ესწავლა. ამაში მას დაეხმარა ვიდეოები, რომლებშიც ადამიანების უკონტროლო სიცილი იყო აღბეჭდილი.  ფენიქსმა რამდენჯერმე იმაზეც ისაუბრა, რომ წონის ასე სწრაფად დაკლება მენტალურ აშლილობასაც იწვევს, რაც როლში შესვლაში ასევე ეხმარებოდა. 

"ამ ფილმში თამაშმა ყველაზე მეტად იმიტომ დამაინტერესა, რომ სიუჟეტი და პერსონაჟი ჩვენებურად უნდა გადმოგვეცა, ახლებურად გვეჩვენებინა. ამიტომაც, არც ერთი წინა შესრულებით არ ვხელმძღვანელობდი" თქვა მსახიობმა.

 ფენიქსი, ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ არ ეშინია DC-ის კომიქსების ფანების კრიტიკისა, იმის გამო რომ ფილმის სიუჟეტი და მთავარი აზრი კომიქსებს არ ემთხვევა. მსახიობის თქმით, მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეჟისორის თვალით დანახული და გადმოცემული ისტორია.


ფოტო: IMDB

ფილმში ხოაკინ ფენიქსთან ერთად ბევრ კარგად ნაცნობ მსახიობსაც ვიხილავთ. რობერტ დე ნირო ცნობილი შოუს წამყვანის, რობერტ ფრანკლინის, რომელიც ჯოკერის ცხოვრებაზე დიდ გავლენას მოახდენს, როლს შეასრულებს.  შეუძლებელია მაყურებელს სკორსეზეს ცნობილი ფილმი „The king of Comedy” არ გაახსენდეს, რომელშიც დე ნირო წარუმატებელი კომიკოსის როლს ასრულებს.  ასევე ჯოკერში ზაზი ბატცი,ფრენსის კონროი და შეი უიგემი თამაშობენ.


ფოტო: IMDB

DC-ის კომიქსების წარუმატებელი ეკრანიზაციების შემდეგ, თუ ნოლანის Dark Knight-ის ტრილოგიას არ ჩავთვლით, ფილიპსის "ჯოკერი"  ახალი სუნთქვაა კომპანიისთვისა და მისი პროდუქციის ფანებისთვის. 

კომენტარები