ბრექსითი

"მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია" - ბორის ჯონსონი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება

ბორის ჯონსონი
Reuters

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ მომდევნო რამენიმე დღე იქნება გადამწყვეტი ბრექსითის შეთანხმების მისაღწევად. მისი თქმით ევროკავშირთან შეთანხმება კვლავ მისი მიზანია და კვლავ შესაძლებლად მიაჩნია.

ბრექსითის საბოლოო ვადამდე, 31 ოქტომბრამდე 7 კვირაზე ნაკლები რჩება. ჯონსონმა პირობა დადო, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა. მან თქვა, რომ ბრექსითის გადავადების თხოვნას თხრილში სიკვდილი ურჩევნია.

16 სექტემბერს ჯონსონი ლუქსემბურგში ჩავა და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდება.

ევროკავშირის ლიდერებთან სამიტი კი 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

"თუ საკმარისი პროგრესი გვექნება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, მე ვგეგმავ წავიდე ამ გადამწყვეტი მნიშვნელობის სამიტზე 17 ოქტომბერს და დავასრულო შეთანხმება, რომელიც დაიცავს ბიზნესის ინტერესებს და მოქალაქეებს სრუტის ორივე მხარეს, ირლანდიის საზღვრის ორივე მხარეს. მწამს, რომ ეს შეგვიძლია და რომ ასეთი შეთანხმება არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, არამედ ევროპელი მეგობრების ინტერესებშია." დაწერა ჯონსონმა Daily Telegraph-ში.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის მთავარ წინააღმდეგობად ე.წ. "ბექსტოპის" მექანიზმი იქცა.

"ბექსტოპის" მექანიზმით ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" ასარიდებლად გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში, თუმცა, ბრიტანეთი ვერდატოვებდა ევროკავშირის საბაჟო კავშირს მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლიდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან "მყარი საზღვრის" დადგენის საშიშროება არ იქნებოდა. ბრიტანეთი ასევე დათანხმდა, რომ ჩრდ. ირლანდიასთან ევროკავშირს "უფრო ღრმა" საბაჟო შეთანხმებები ექნებოდა, რაც ახლოსაა ევროკავშირის ერთიან ბაზართან.

ჯონსონს სწორედ ამ საკითხის შეცვლა სურს ევროკავშირთან ხელახალი მოლაპარაკებებისას და ამბობს, რომ "ბექსტოპის" ამოღების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება. ევროკავშირში კი ამბობენ, რომ მისი ამოღება მიუღებელია.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბორის ჯონსონს უთხრა, რომ ჯონსონმა "ბექსტოპის" ალტერნატივა უნდა მოიფიქროს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ხელახალი მოლაპარაკებებისათვის საკმარისი დრო არ არის. ამის შემდეგ ჯონსონმა დიდი შვიდიანის სამიტზე განაცხადა, რომ შეთანხმების გარეშე ბრექსიტი ევროკავშირის ბრალი იქნება, თუმცა დიდი ბრიტანეთი მას მარტივად გაუმკლავდება.

კომენტარები