სირცხვილია

დიღმელაშვილი სირცხვილიაზე: სამოქალაქო მოძრაობა ვართ, არ გვინდა პარტიებთან კონკურენცია

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაფუძნებთ სამოქალაქო მოძრაობას და ვღებულობთ მონაწილეობას 2020 არჩევნებში. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. სამოქალაქო მოძრაობა უკვე ვართ, ფორმალურ ხასიათის მიცემის საჭიროება კი ჯერ არ დამდგარა, თუ დადგება, რეესტრსაც ჩავრთავთ.

#სირცხვილია არის სამოქალაქო საზოგადოების კამპანია და დარჩება ასე. ჩვენ არ გვინდა პარტიებთან კონკურენცია, გვინდა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი მინიმუმის გარშემო, რომ სასამართლო უსამართლო არ უნდა იყოს; რომ ბიუჯეტიდან ფული არ ტყდებოდეს პარტაქტივის საკვებად; რომ მოქალაქეებზე ნადირობის მოწყობას აქვს პოლიტიკური ფასი; რომ სახელმწიფოს შტოები ერთმანეთის მაკონტროლებლები უნდა იყვნენ და არა თანამზრახველები; რომ არ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა და ა.შ.

ამ ტრუიზმებზე, რაც გვჭირდება საიმისოდ, რომ თანამედროვე სახელმწიფო გვერქვას, ყველა პარტიისა და იდეოლოგიის ადამიანი შევთანხმდებით. ხოლო ამის უზრუნველყოფის შემთხვევაში ყველა ვარიანტში უკეთეს ქვეყანაში ვიდავებთ იმაზე, რაც განგვასხვავებს. მანამდე ჩვენ გვრჩევნია მტრებში მოკავშირეები ვეძებოთ და არა მოკავშირეებში მტრები.

ამ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი ესმინა ჩვენი ხმა, მაგრამ მან ჩათვალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კომპრომისი სისუსტეა და არა ძალა და თავისი ლეგიტიმაცია ძალოვნებს დააყრდნო, შექმნა ბოტების და ტროლების ალტერნატიული რეალობა, რომლისაც თავად იწამა. ესაა რუსული პრიმიტიული, მაგრამ მუშა ფორმულა.

შესაბამისად 2020მდე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი პროპორციულ არჩევნებზე ქართული ოცნების წინაარღმდეგ. ჩვენ მივიღეთ გამოწვევა და ოცნება დამარცხდება. მაგრამ მთელი ამ პროტესტის ძალა იმაშია, რომ ეს არის გამსხვავებული ადამიანების ბრძოლა და არა პარტიული ბრძოლა.

ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლების წინააღმდეგ.

20 სექტემბერს ჩვენ დავდგებით ერთად - ერთის წინააღმდეგ. ჯერ ამ ერთის, ხოლო შემდეგ უკვე პროპორციული არჩევნები გვაძლევს გარანტიას, რომ ერთპიროვნული მმართველები ამ ქვეყანას აღარ ეყოლება. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ცივილიზებული პოლიტიკის წარმოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსებს ეფუძნება. საქართველოს ვეღარც ერთი პიროვნება და პოლიტიკური ძალა ვერ მიიტაცებს და ეს სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთაა და არა - პარტიული.

დაწერა სოციალურ ქსელში "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.

კომენტარები