სპეციალური საგამოძიებო სამსახური სირცხვილიას დირექტორ გიორგი მჟავანაძეზე პოლიციელის მიერ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მჟავანაძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით 2022 წლის 17 მაისს დაიწყო.
უწყების მტკიცებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.
"გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქე გ.მ.-ს მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა".- აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები თუმცა, "მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა" პოლიციის შენობაში აქტივისტის დაკავების გარემოებები.
"აღნიშნულის შემდგომ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა მე-9 სამმართველოში განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობა (DVR), საიდანაც გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეო ჩანაწერის მოხსნა/ფიქსაციის/აღდგენის მიზნით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა. გარდა ამისა, დათვალიერდა მე-9 სამმართველოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციაზე განთავსებული კერძო პირის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერები".- ვკითხულობთ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება "ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით".
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლის საქმეში ჩართულობის და გამოძიების მეტი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, გიორგი მჟავანაძის ინტერესების დამცველ ადვოკატს მისცეს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
"შენნაირებს *ლეზე ვიხევ, ქურდიც ვარ და პოლიციელიცო" – მჟავანაძე პოლიციელების ძალადობაზე
სირცხვილიამ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.