გერმანია - ჩინეთი

მერკელი ჩინეთს: ადამიანის უფლებების დაცვა შეუცვლელია

გერმანიის კანცლერი ანგელ ამერკელი | ჩინეთის პრემიერი ლი ქეციანგი
Deutschland.de

11 სექტემბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ჩინეთის ეკონომიკური აღმასვლა პეკინს საერთაშორისოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. მან გასულ კვირას პეკინში ვიზიტის დროს ჩინეთის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შეუცვლელი იყო.

"სწორია, რომ გერმანიამ ჩინეთთან ყველა სფეროში კავშირი შეინარჩუნოს, ეკონომიკურად და ასევე სხვადასხვა დიალოგის ფორმატებში კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების საკითხებზე," - თქვა მერკელმა.

კანცლერი ჰონგ-კონგში მიმდინარე პროდემოკრატიულ აქციებსაც გამოეხმაურა - "ჩემი ვიზიტის დროს მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენთვის შეუცვლელია. ეს ვრცელდება ზოგადად და ეს ასევე ვრცელდება ჰონგ-კონგის სიტუაციაზეც, სადაც ჩვენ ერთი ქვეყნისა და ორის სისტემის პრინციპი სწორი მიგვაჩნია."

2 დღის წინ ჰონგ-კონგის ერთერთი მთავრი ოპოზიციონერი ჯოშუა ვონგი გერმანიას ეწვია და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰეიკო მაასს შეხვდა. მან განაცხადა, რომ ახალ ცივ ომში ჰონგ-კონგი ახალი ბერლინია. გერმანიის წარმომადგენლებთან ოპოზიციონერის შეხვედრას ჩინეთმა "შეურაცხმყოფელი" უწოდა.

ჩინეთის კომუნისტური პარტია ადამიანთა უფლებებს პატივს არ სცემს. ქვეყანაში სიტყვის, შეკრების თავისუფლება, არჩევნები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი ინტერნეტ სივრცე და სხვა -  არ არსებობს. ჩინეთში ავიწროვებენ რელიგიურ უმცირესობებს, მეტწილად, უიღურებს. ქვეყანაში ასევე ავითარებენ სათვალთვალო და შეფასების სისტემას, რისი დახმარებითაც მთავრობას მოქალაქეების ყოველი ნაბიჯის გაკონტროლება შეუძლია.

გასულ წელს გერმანელ სტუდენტს, 24 წლის დევიდ მისალის ჩინეთში პეკინის ცინხუას უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის დასრულების საშუალება არ მისცეს და ქვეყნიდან გააძევეს. გერმანელი სტუდენტი ამ ფაქტს მის მიერ მომზადებულ სიუჟეტს უკავშირებდა, სადაც ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები და სიტყვის თავისუფლების დაბალი ხარისხი განიხილა.

თიანანმენის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა მაიკ პომპეომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ათწლეულების მანძილზე, აშშ-ს იმედი ჰქონდა, რომ საერთაშორისო სისტემაში ჩინეთის ინტეგრაცია უფრო ღია და ტოლერანტულ საზოგადოებამდე მიგვიყვანდა, თუმცა ეს იმედები უკვე აღარ არსებობს.

მე-4 თვეა, რაც ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიულ აქციებზე მილიონობით ადამიანი კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტსა და პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს.

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

კანონპროექტის განხილვა ივნისში საპროტესტო აქციების შედეგად შეჩერდა, თუმცა მომიტინგეები მის სრულ გაწვევას ითხოვდნენ. 

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. 29 აგვისტოს ჰონგ-კონგში ჩინეთის ჯარი შევიდა და როტაცია განახორციელა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო სისტემას პეკინის მომხრე უმრავლესობა აკონტროლებს. პეკინის იურიდიული სისტემა ადამიანის უფლებების დარღვევით მოქმედებს, თუმცა ჰონგ-კონგის მთავრობა მოსახლეობას ეუბნება, რომ ექსტრადიციის კანონში საშიში არაფერია. საკამათო კანონი არა მხოლოდ ჰონგ-კონგის იურიდიულ დამოუკიდებლობას, არამედ მსოფლიოს ერთერთ უდიდეს ფინანსურ ცენტრს უქმნის საფრთხეს. არაერთმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კანონი საფრთხეს შეუქმნის იმ თავისუფლებებს, რითაც ჰონგ-კონგში მყოფი ბიზნესმენები სარგებლობენ, გააქრობს ინვესტორთა ნდობას და ქალაქის კონკურენტულ უპირატესობას.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები