გაერთიანებული სამეფოს ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებში მემარჯვენე პოლიტიკოსის, ნაიჯელ ფარაჟის "რეფორმების პარტია" მნიშვნელოვნად დაწინაურდა, ხოლო მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ სერიოზულად გაუარესებული შედეგი აჩვენა, რამაც პრემიერმინისტრი კირ სტარმერის მმართველობის უნართან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.
8 მაისს გამოცხადებულმა შედეგებმა პირველადმა აჩვენა, რომ ფარაჟის პარტიამ 600-ზე მეტი ადგილი მოიპოვა, ხოლო ლეიბორისტებმა 450-ზე მეტი დაკარგეს. ცუდი შედეგი ჰქონდა კონსერვატორების პარტიასაც, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ბრიტანულ პოლიტიკაში დომინირებდა და ლეიბორისტებთან ერთად ქვეყანაში ფაქტობრივად ორპარტიული სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. კონსერვატორებმა თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის 300 ადგილი დაკარგეს.
ფარაჟის თქმით, მისმა პარტიამ ლეიბორისტები მათთვის "ყველაზე ტრადიციულ ადგილებში" დაამარცხა, ხოლო კონსერვატიულმა პარტიამ, მისი თქმით, მათთვის ყველაზე ერთგულ ნაწილებში წააგო.
ამასთან, ფარაჟმა დაამატა, რომ მისი ახლად შექმნილი პარტია, რომელმაც ორი წლის წინ ბრიტანეთის ბოლო საყოველთაო არჩევნებზე პარლამენტში ხუთი მანდატი მოიპოვა, უკვე აღარ წარმოადგენს "შემთხვევითობას ან საპროტესტო ხმას," არამედ ის ახლა "რეალურ ეროვნულ პარტიად" იქცა.
თავის მხრივ, სტარმერმა აღნიშნა, რომ არჩევნების პირველადი შედეგების არასათანადოდ შეფასება არ უნდა მოხდეს. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, აშკარაა, რომ ამომრჩევლები არ არიან კმაყოფილები "ცვლილებების ტემპით". მანვე ხაზი გაუსვა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ცნობისთვის, ლეიბორისტებმა 2024 წლის ივლისის საყოველთაო არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვეს.




