ანაკლიის პორტი

რიკერი: ანაკლია საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, არ გადადოთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, რომლისგანაც ქართველი ხალხი სარგებელს ნახავს.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტს… დღეს იმავე პოზიციაზე ვარ, როგორზეც სახელმწიფო მდივანი პომპეო იყო თავისი ივნისის განცხადებაში, მაშინდელი პრემიერის, ბახტაძის ვიზიტისას. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული, საეტაპო შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მისი გეოგრაფიის, ვაჭრობის მდიდარი ტრადიციის, გამომგონებლობის,  ჭკვიანი და განათლებული მოსახლეობის გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება ასეთი პორტი და სარგებელს ნახავს მისგან."

რიკერის თქმით, ანაკლიის პორტს შეუძლია, საქართველოს გაუხსნას შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რუსეთსა და ჩინეთზე.

"წარმატებული შეთანხმება, რომელშიც ჩართული იქნება შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გაგზავნის სიგნალს, რომ საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია სიცოცხლით სავსეა. გაუგზავნის სიგნალს მათაც, ვისაც სურს საქართველომ გადაუხვიოს პროგრესის გზას და დასავლურ ორიენტაციას და საქართველოს გაუხსნის ფართო შესაძლებლობების ფანჯარას, დამოუკიდებელს როგორც რუსეთის, ისევე ჩინეთის გავლენისგან."

სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა ისიც, რომ უმჯობესია, პროექტი აღარ გადაიდოს.

"არის კალენდარი, განსაზღვრული დრო, რომელშიც უნდა შესრულდეს ეს პროექტი. არ გადადოთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ხაზი გაუსვით ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის სიძლიერეს საქართველოში და ყველას გაუგზავნეთ ეს გზავნილი."

"მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებული კონფერენცია - Now What? - დღეს, 9 სექტემბერს გაიხსნა.

მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკელი დიპლომატები, მეთიუ ბრაიზა და ჯონ ტეფტი. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები. 

კონფერენციას საქართველოს მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

კომენტარები