ბიზნესის სექტორი

საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 26.6%-ით გაიზარდა

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის მეორე კვარტალში 25.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდის მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.6% იყო.

12%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით ბიზნესის გამოშვების მაჩვენებელი და წლის მეორე კვარტალში 11.2 მილიარდ ლარს შეადგენდა.

ბრუნვის 52.3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 20.5% საშუალოზე, ხოლო 27.2% მცირეზე. გამოშვება კი ასე ნაწილდება - მსხვილი ბიზნესი - 40.1%, საშუალო - 25.8%, მცირე - 34.1%.

ბიზნესის სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობასა და ავტომობილებისა და მოტოციკლეტების რემონტს უჭირავს (39.5%). ამას მოსდევს ხელოვნება, გართობა, დასვენება (22.5%) და დამამუშავებელი მრეწველობა (10%).

გამოშვებაში პირველ ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.1%). მას მოსდევს მშენებლობა (18%) და ვაჭრობა (17.4%).

რეგიონების მიხედვით, თბილისი ლიდერობს მთლიან ბრუნვასა (მთლიანი ბრუნვის 75.6%) და გამოშვებაში (მთლიანი გამოშვების 65%). ორივე შემთხვევაში, დედაქალაქს მოსდევს აჭარა და ქვემო ქართლი.

კომენტარები