სამთავრობო ცვლილებები

ბაქრაძე: გახარიას დანიშვნა ნიშნავს "ოცნების" ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში გადასვლას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენას გამოეხმაურა და ამასთან დაკავშირებით ევროპული საქართელოს და თავისუფალი დემოკრატების საერთო პოზიცია წარმოადგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრად წარდგენა ქართულ საზოგადოებრივ აზრის უგულებელყოფას ნიშნავს.

"პირველ რიგში ბატონი გახარიას წარდგენა პრემიერად, ვერ შეფასდება სხვაგვარად, თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მხრიდან ღია ომში შესვლა საზოგადოების აზრთან, თუ არა ქართული ოცნების მხრიდან ბოლომდე იგნორირება საზოგადოებრივი აზრის განწყობის, რომლის მიხედვითაც გახარიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რუსთაველზე აქციის დარბევაზე და უნდა გადადგეს. ამის მაგივრად ვხედავთ, არათუ მის გადადგომას, არამედ მის წარდგენას პრემიერმინისტრად. ეს არის პირდაპირ გამოწვევა ქართული საზოგადოების, არამხოლოდ პოლიტიკური სპექტრის, ეს არის პირდაპირი გამოწვევა იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე 76 დღეს აპროტესტებენ აქციის დარბევას და ეს არის პირდაპირი გამოწვევა იმ ადამიანების, ვისაც მიაჩნია რომ პასუხისმგებელი მინისტრი უნდა გადადგეს და არა დაწინაურდეს. ამის პასუხს ქართული ოცნება და ივანიშვილი აუცილებლად მიიღებს და ძალიან მძიმედ პირველივე არჩევნებზე, მაგრამ რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ გარდა საზოგადოებასთან ომისა და გამოწვევისა, გახარიას დანიშვნა ასევე არის იმის მესიჯი რას აპირებს ქართული ოცნება მომავალი ერთი წელი, ეს არის რომ ქართული ოცნება გადავიდა ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმში და მათთვის მთავარი იქნება არა ეკონომიკის მიხედვა, არა მოსახლეობაზე ზრუნვა, მათთვის მთავარი იქნება ეგრედწოდებული მძიმე ხელის პოლიტიკა, ოპონენტების დევნა, დაპატიმრება, აქციების დაშლა.

აი, ამის სიგნალია გიორგი გახარიას დაწინაურება და წარდგენა პრემიერმინისტრად და ეს ორი რამ ერთად - ქართული საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფა და მძიმე ხელის პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ მომავალი წელი, წინასაარჩევნო წელი იქნება ძალიან მძიმე, ნიშნავს იმას რომ ჩვენ როგორც კონსტრუქციულ და პასუხისმგებლიან ოპოზიციას გვეკისრება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ არ დავუშვათ არეულობა, არ მივცეთ ოცნებას იმის საშუალება რომ გახარიამ გააკეთოს ის, რასაც აკეთებდა შს მინისტრობის დროს, ეს არის ადამიანებისთვის თვალების დათხრა და ოპონენტების დაჭერა და მშვიდობიდანად მივიყვანოთ ეს ქვეყანა არჩევნდებამდე, რომლითაც აუცილებლად სახლში გავუშვებთ ივანიშვილს", - თქვა დავით ბაქრაძემ.

დღეს, ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარია პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამის შემდეგ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს, ხოლო შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.

კომენტარები