სამთავრობო ცვლილებები

ჩიტიძე: საპარლამენტო სუვერენიტეტის ტრიუკის გათამაშება და რიგგარეშე არჩევნები რეალისტურია

რა ხდება აწი?

1. პრემიერმინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე.

2. მთავრობა აგრძელებს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე.

3. 2 კვირის ვადაში, პრემიერმინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, ანუ ქართული ოცნება, ხოლო თავის მხრივ, პრემიერი წარადგენს მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას. მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება 76 ხმა. შესაბამისად, ყველაზე გვიან, ახალი მთავრობა გვეყოლება 16 სექტემბერს.

4. იმ შემთხვევაში, თუ 76 ხმა ვერ მოგროვდა მთავრობისადმი ნდობის გამოსაცხადებლად, კიდევ 2 კვირა აქვს პარლამენტს, რომ სულ ცოტა პარლამენტის სრული შემადგენლობის მესამედის (50 დეპუტატი) მიერ წამოყენებულ პრემიერს და მთავრობას კენჭი უყაროს. ჩვენ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, ოპოზიციას 50 დეპუტატი არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, 76 ხმის დაგროვება დასჭირდება, ხოლო ამდენი მაინც არ არიან არცერთი დათვლით.

5. თუ პარლამენტის მესამედის წარდგენილი (თუ წარდგენა მოხერხდა საერთოდ) პრემიერი და მთავრობაც ჩავარდა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ამ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება შერეული მოდელით: 73 მაჟორიტარი, 77 პროპორციული სიით გასული დეპუტატი.

P.S. გახარია თუ დააყენეს პრემიერად, საპარლამენტო სუვერენიტეტის ტრიუკის გათამაშება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სავსებით რეალისტური სცენარია

წერს იურისტი გიორგი ჩიტიძე Facebook-ზე მამუკა ბახტაძის გადადგომაზე.

კომენტარები