სამთავრობო ცვლილებები

"ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება, განიხილება სამთავრობო ცვლილებების საკითხი

ტაბულა

"ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა იწყება. მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის ესწრება. 

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა თქვეს, რომ სხდომაზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის საკითხს განიხილავენ. დეპუტატები კონკრეტულად არ საუბრობენ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება, თუმცა, არ უარყოფენ, რომ სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელებენ. 

"იწყება საშემოდგომო სესია და მე ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია ის, რომ უმრავლესობის ფორმატში არის დაგეგმილი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვექნება მსჯელობა. მესმის, რომ თქვენი ყველაზე დიდი ინტერესის საგანი არის ის საკითხი, რაზეც დიდი ხანია, მსჯელობა მიმდინარეობს საზოგადოებაშიც, მედიაშიც, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამაზე ახლა კომენტარს არ გავაკეთებ, ახლა იქნება შეხვედრა, სადაც იქნება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თქვენთვის და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - თქვა თამარ ხულორდავამ

გიორგი კახიანის თქმით: 

"მთელი ეს ინფორმაცია, რაზეც თქვენ საუბრობთ, მეტი დეტალი ცნობილი გახდება ოდნავ მოგვიანებით. ბუნებრივია, მე ოდნავ მეტი ინფორმაცია რომც მქონდეს ახლა, ვერაფერს გეტყვით. [სხდომაზე] შესაძლოა იყოს განხილული მათ შორის სამთავრობო ცვლილებებიც. გიორგი გახარიას შეფავასებდი ძალიან კარგად, მაგრამ ეს საკითხიც უკავშირდება ისევ და ისევ სამთავრობო ცვლილებებს და ასეთ საკითხებზე კომენტარები ცოტა მოგვიანებით". 

რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ. მათ ინფორმაციით პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც. 

ინტერპრესნიუსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ცვლილების შესახებ ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაკეთდება.

კომენტარები