ევროპული საქართველო

ბაქრაძე: მთავრობამ 6 თვეში პრემიებზე 735 მლნ დახარჯა და თურმე 30 მლნ არაა, რომ რთველი დააფინანსონ

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ხელისუფლება მოუწოდებს გამოძებნონ ბიუჯეტში თანხა კახეთში რთველის დაფინანსებისთვის.

"ქვეყანაში, სადაც მთავრობამ 6 თვეში 735 მლნ ლარი დახარჯა საკუთარ პრემიასა და დანამატზე, თურმე 30 მლნ ლარი არ არის, რომ რთველი დააფინანსონ და გლეხებმა შრომის შედეგი აიღონ", - თქვა დავით ბაქრაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქრაძესთან საუბარში მევენახეები ამბობენ, რომ ერთ კილოგრამ ყურძენში 40-50 თეთრს სთავაზობენ, მხოლოდ მოვლის ღირებულება კი, დაახლოებით 45 თეთრია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევს ცხოვრება. 

"ეს არის ის, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ მოსახლეობა. დაპირება, რომ დაეხმარებოდნენ სოფელს, არათუ არ შესრულდა, საერთოდ კატასტროფა ხდება დღეს სოფელში, უმძიმესი ვითარებაა. გლეხები მასობრივად საუბრობენ, რომ თუ ყურძნის ფასი იქნება 50-60 თეთრი, ისინი იძულებულები გახდებიან მომავალ წელს გაჩეხონ ვაზი. ეს არის დღეს არსებული რეალობა და კატეგორიულად მინდა მოვუწოდო დღევანდელ ხელისუფლებას, გამოძებნონ ბიუჯეტში თანხა. ჩვენ როგორც ოპოზიცია, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ საბიუჯეტო ცვლილებას, რომ გამოძებნილი იყოს შესაბამისი თანხა, რათა კახეთში მოხდეს რთველის დახმარება" - თქვა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები