ოკუპაცია

თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოკუპაცია რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/

"საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ოკუპაციის თემაზე," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შვედეთის პარალმენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. თალაკვაძე ამბობს, საქართველო ავითარებს ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს, რომ მომავალში შეიქმნას მომენტი, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ერთერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკანონოდ დგანან ჩვენს ტერიტორიებზე.  ოკუპირებულ რეგიონებში არის შემაშფოთებელი ვითარება ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ, დანაშაულებრივი ფაქტების მხრივ, ადგილი აქვს ჩვენი მოქალაქეების გატაცებებს და ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სათანადო რეაგირება და ყურადღება იყოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მეორეს მხრივ, ჩვენი გრძელვადიანი ამოცანა არის, რომ მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ ეს პრობლემები და ოკუპაციის საკითხი და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად  ვქმნით მომენტს, როცა მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი.  ამას ჩვენ განვიხილავთ კონტექსტში, როცა საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, საქართველო აკეთებს საერთაშორისო მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას და ეს ხდება პარტნიორებთან აქტიური მუშაობის გზით. საქართველო ყველა საერთაშორისო დღის წესრიგში აყენებს და განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და ავითარებს თავის ეკონომიკას, ავითარებს ინფრასტრუქტურას და შესაძლებლობებს, რომ მომავალში ჩვენ შევქმნათ მომენტი, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით იქნება შესაძლებელი. “, - აღნიშნა თალაკვაძემ.

თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს, რათა ოკუპაცია, მისი შედეგები და ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეჩერებული.

„ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას და ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთ ფაქტს, თუ იმ პრობლემებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს, არ შევეგუებით და არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე. მეორე მხრივ, გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების წინაშე, რომ საქართველოს სჭირდება უსაფრთხოება, სტაბილური განვითარების გარანტიები, რათა ჩვენს მიერ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. ჩემს კოლეგასთან განხილვა გვქონდა, მომავალშიც გვაქვს შვედეთისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების, ასევე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი და მჯერა, რომ ამ გზით ჩვენ შევძლებთ, რომ ოკუპაციას გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, რთულია თითოეული შემთხვევა, იმ ადამიანების ბედი, ვისაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურ რეჟიმში ეხება ოკუპაციის პრობლემა. ხელისუფლება მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცხელი ხაზის მექანიზმს იყენებს და ასევე, ყველა შესაძლებელ ღონისძიებას ატარებს, რომ ოკუპაცია, მისი შედეგები და მისი ყოველდღიური გამოვლინება რაც შეიძლება მეტად იყოს შეკავებული და შეჩერებული“, - თქვა თალაკვაძემ.

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში კი, ოკუპანტებმა 15 აგვისტოს საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ამავე პერიოდში ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს. ისინი 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

კომენტარები