სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ში ამბობენ, რომ მოქალაქის გასათავისუფლებლად გამოყენებული იყო "ცხელი ხაზის" და "ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი".
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.
ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად" - წერია სუს-ის გავრცელებულ განცხადებაში.