რუსთავი 2

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. სალიას ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსობასთან ერთად იმნაიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოსტსაც დაიკავებს. 

"მე საზოგადოებას მინდა შევახსენო რომ რამდენიმე დღის წინ შეწყდა კურიერის ეთერი და ბევრმა ჟურნალისტმა ეს არხი დატოვა პროტესტის ნიშნად. მფლობელმა გააკეთა განცხადება, რომ რუსთავი ორის კარი ღიაა ყველასთვის, ვინც ემოციური ფონზე მიიღო გადაწყვეტილება. ვიმეორებ, რომ რუსთავი ორის კარი ღიაა ყველა პროფესიონალისთვის, ვინც წლების განმავლობაში ამ არხზე მუშაობდა და უნდა, რომ ეს არხი იყოს მართლა მაღალპროფესიული დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კრიტიკული. გიბრუნდებით პოზიტიური სიახლით, რომელიც ძალიან კარგად მიიღო პირველ რიგში რუსთავი ორის გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ბოლომდე ერთგული არიან ამ არხის და ამ ადამიანების რიცხვი არის ძალიან დიდი. დაახლოებით 800 თანამშრომელი, დღეს ისევ რუსთავი ორის გუნდია. დღეს მე ამ ადამიანებს წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართველო, ის არის ერთერთიპირველი ჟურნალისტი რომელმაც თავისი შეუპოვრობით და კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, და რომელიც იძულებული გახდაწინა ხელისუფლების მხრიდან არსებული წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა. ეს პიროვნება არის ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც დიდი ხანია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში ტელეკომპანიაBBC-ში . ჩვენ კარგა ხანია გვაქვს ირაკლისთან საუბრები, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადგომოდა სათავეში როგორც საინფორმაციო, ისე ფროდაქშენის ნაწილს და მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზე და ვიმედოვნებთ, რომ ის ძალიან მალე გახდება ჩვენი გუნდის წევრი. მისმა მოსვლამ დღეს ადამიანებს ძალიან დიდი იმედი მისცა და ჩვენ მასთან ერთად მზად ვართ ხელახლა შევქმნათ, გავაძლიეროთ და ავაღორძინოთ ეს ტელევიზია, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო.ვფიქრობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი ტელეკომპანია კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა შემქნილი ვითარებიდან და მაყურებლისთვის ის ისევ იქნება ნომერ პირველი არხი საქართველოში,” - თქვა სალიამ. 

რუსთავი 2 კურიერის გუნდმა რამდენიმე დღის წინ დატოვა. 

21 აგვისტოს შემდეგ რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ეთერში არ გასულა. ახალი ამბები არც ვებ გვერდზე გამოქვეყნებულა. ეთერში მხატვრული ფილმები და სერიალები გადის. 

მას შემდეგ, რაც 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, კურიერი ეთერში აღარ გასულა. 

ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ "ინტერესთან კონფლიქტის" მოტივით გაათავისუფლა. 

კერძოდ: თავდაპირველად რუსთავი 2-დან გაუშვეს გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე. 

2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ახალი მფლობელის მოთხოვნით ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ნიკა გვარამიამ 17 აგვისტოს ახალი, "მთავარი არხი" დაარეგისტრირა, დღეს, 21 აგვისტოს კი განაცხადა, რომ ორშაბათიდან თანამშრომლებთან კონტრაქტის გაფორმებას იწყებს. 

კომენტარები