სირცხვილია

დიღმელაშვილი: ფორსაჟის გადაღება #სირცხვილიას ხელს არ შეუშლის

ტაბულა

აქციების და გადაცემების "სირცხვილია" ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირის ჩაკეტვა ფილმ Fast and furious (ე.წ. "ფორსაჟი") გადაღებებისთვის გადაცემას ხელს არ შეუშლის, ვინაიდან გადაღებები დღის შუქზე მიმდინარეობს, "სირცხვილია კი 20:20-ზე იწყება. 

დიღმელაშვილმა თქვა, რომ მათ საშუალება მიეცათ, ფილმის გადამღებ ჯგუფთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაემართათ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისთვისაც მიეღწიათ. 

"თანამემამულენო, როგორც იცით აგვისტოს რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. "ფორსაჟი") გადასაღებად.

ისიც იცით, რომ პარლამენტის წინ შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორ თვეზე მეტია, ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია იმართება; აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან, 20:20 სთზე, მედიაპროექტი #სირცხვილია მაუწყებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და ონლაინრეიტინგების რეკორდებს ხსნის. გეგმის მიხედვით 20 სექტემბრამდე ასე გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი "გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი გარეთ!" – ვუბრუნდებით მასობრივი აქციის ფორმატს.

მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

ამიტომაც ამ ორი მოვლენის – "ფორსაჟის" და "სირცხვილიას" – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს "ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!"), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე.

კერძოდ: მართალია რუსთაველი ჩაკეტილია, მაგრამ Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მანიფესტაცია არსებული ფორმატით. ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს.

აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!", - დაწერა შოთა დიღმელაშვილმა ფეისბუქზე. 

26 აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე მანქანების მოძრაობა იღუდება

შსს-ის ცნობით, ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

რუსთაველის მეტროდან მოძრავ ავტოტრანსპორტს მოძრაობა შეეძლება ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე და მოძრაობას განაგრძობენ რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას“. 

ფილმის გადაღებებისთვის აგვისტოს თვეში 10 დღით ჩაკეტილი იყო ვაჟა-ფშაველას გამზირიც

საპრტესტო აქცია და გადაცემა სახელწოდებით "სირცხვილია" უკვე 68 დღეა, მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისის ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქციის დარბევის გამო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

კომენტარები