საქართველოს ეკონომიკა

რუსული სანქციებით დაზარალებულ მეწარმეებს სახელმწიფო პირველი სექტმებრიდან დაეხმარება

economy.ge

სახელმწიფო, რუსული ავია სანქციების შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროს მფლობელებს მიმდინარე წლის, პირველი სექტემბრიდან დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეხვდნენ და მათ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნეს.

მთავრობის ახალი ინიციატივა ითვალისწინებს იმ მეწარმეების დაფინანსებას, რომელთაც სესხი მათ მფლობელობაში არსებული მცირე თუ საოჯახო ტიპის სასტუმროს გაფართოების ან განახლების მიზნით აიღეს და 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდნენ.

ინიციატივა, ესეთი მეწარმეებისთვის გადასახდელი სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამა აწარმოე საქართველოში-ს ფარგლებში განხორციელდება. 

პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია სესხი იყოს აღებული 2019 წლის პირველ ივლისამდე და სასტუმრო მოიცავდეს 4 დან 20 ნომერს.

თანადაფინანსების მექანიზმის ფარგლებში სესხის მაქსიმალური მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 300 000 (სამასი ათასი) ლარია, ამერიკული დოლარის შემთხვევაში 100 ათასი დოლარი, ხოლო ევროში 80 ათასი ევრო.

სამინისტროს ინფორმაციით პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები